სოფიაში გაიმართა ბულგარეთის პრეზიდენტისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრა

ვილნიუსის მოახლოებულ სამიტსა და საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე სოფიაში შეხვედრისას ისაუბრეს ბულგარეთის პრეზიდენტმა როსენ პლევნელიევმა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ. სამინისტროს ინფორმაციით, ბულგარეთის პრეზიდენტმა კვლავ დაადასტურა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი მხარდაჭერა და განაცხადა, რომ ბულგარეთისთვის მნიშვნელოვანია ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივა და მის ფარგლებში მიღწეული პროგრესი. შეხვედრისას განიხილებოდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარებაც. პრეზიდენტმა პლევნელიევმა საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოუცხადა. სოფიაში ოფიციალური ვიზიტისას მაია ფანჯიკიძე შეხვდა ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს და საქართველოს ევროპული არჩევანის შესახებ მოხსენება წაიკითხა „ბულგარეთის ატლანტიკური კლუბის" მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე.