ვილნიუსში გაიმართა საქართველოს და საფრანგეთის პრეზიდენტების შეხვედრა

დღეს ვილნიუსში გაიმართა საქართველოს და საფრანგეთის პრეზიდენტების გიორგი მარგველაშვილის და ფრანსუა ოლანდის შეხვედრა. საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრისას განიხილებოდა ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხების ფართო სპექტრი. გიორგი მარგველაშვილმა ფრანსუა ოლანდს მადლობა გადაუხადა საფრანგეთის მიერ საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის და ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკასა და სხვა სფეროებში გაწეული დახმარებისათვის. პრესსამსახურის ცნობითვე, თავის მხრივ, საფრანგეთის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების პარაფირების მნიშვნელობას და გამოხატა მხარდაჭერა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების სტანდარტებთან დაახლოებისა და დემოკრატიული რეფორმების პროცესში. დღესვე გიორგი მარგველაშვილი ვილნიუსში შეხვდა ევროპარლამენტის პრეზიდენტს მარტინ შულცს.