უოლ სტრიტის საფონდო ინდექსებმა ახალ სარეკორდო მაჩვენებლებს მიაღწიეს 2013 წლის უკანასკნელ დღეს. გასული წელი ინვესტორებისთვის საუკეთესო იყო თითქმის ორი ათეული წლის განმავლობაში. ინდექსმა Dow Jones-მა, რომელიც შეერთებული შტატების 30 უდიდესი კომპანიის აქციების ღირებულებას ასახავს, 2013 წელი დაასრულა 16 575,66 ნიშნულზე. უკანასკნელი 12 თვის განმავლობაში Dow Jones-ის ზრდა 27%-ს შეადგენდა. ეს საუკეთესო მაჩვენებელია 1995 წლის შემდეგ. კიდევ უფრო უკეთესი შედეგით დასრულდა 2013 წელი კიდევ ორი მსხვილი ინდექსის, S&P 500-ისა და Nasdaq-ისთვის. ისინი გაიზარდნენ შესაბამისად 29 და 40 პროცენტით. დეკემბერში აშშ-ის ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ გამოაცხადა, რომ ნელ-ნელა შეამცირებს თავისი ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ექსპანსიას. ბაზრის მოთამაშეები ამ გადაწყვეტილებიდან ასკვნიან, რომ ამერიკის ეკონომიკის გაჯანსაღება იმდენად წინ წავიდა, რომ ის უკვე აღარ საჭიროებს ხელოვნურ სტიმულირებას.