სოჭში მიმდინარეობს ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონია

სოჭში მიმდინარეობს 2014 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონია. „ფიშტის“ სტადიონზე შეკრებილი 40 ათასამდე მაყურებლის თვალწინ ჩაიარეს ასპარეზობაში მონაწილე ქვეყნების დელეგაციებმა, მათ შორის საქართველოს დელეგაციამ, რომლის მედროშეც არის მოთხილამურე ნინო წიკლაური. გახსნის ცერემონიაზე მყოფ ლიდერებს შორის არიან გაეროს გენერალური მდივანი ბან კი მუნი, ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი, თურქეთის პრემიერ-მინისტრი რეჯეპ ტაიპ ერდოანი, უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი. სოჭის თამაშები მიჩნეულია ოლიმპიურ ისტორიაში უძვირეს ასპარეზობად და იმართება უპრეცედენტოდ მასშტაბური უსაფრთხოების ზომების თანხლებით მას შემდეგ, რაც რამდენიმე კვირის წინ ვოლგოგრადში 34 ადამიანი შეიწირა ორმა ტერორისტულმა თავდასხმამ.