სენაკის საავადმყოფოში ექიმები გაფიცვას აპირებენ

თამარ ზანთარაია 60 წლის წინ დაარსებული სენაკის ერთადერთი რაიონული საავადმყოფო, მძიმე ინფრასტრუქტურული პრობლემების, საჭირო აპარატურის უქონლობისა და თანამშრომელთა სახელფასო დავალიანების გადაუხდელობის მიზეზით, შესაძლოა დაიხუროს. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საავადმყოფოს გადარჩენას და ჩამოთვლილი პრობლემების მოგვარებას მედპერსონალი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსგან ელოდება.

მათი თქმით, რიგი პრობლემების მოუგვარებლობის შემთხვევაში, მომდევნო კვირიდან გაიფიცებიან და პაციენტებს აღარ მიიღებენ. საავადმყოფო, ანაზღაურების უქონლობის მიზეზით, უკვე დატოვა მედპერსონალის ნახევარმა, 48 თანამშრომელმა, და სენაკის რაიონულ სასამართლოში საავადმყოფოს წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა. მათი მოთხოვნა - დაგროვილი დავალიანება ეტაპობრივად გადაეხადა დაწესებულებას, სენაკის რაიონულმა სასამართლომ დააკმაყოფილა. შედეგად, მას 32 ათასი ლარის დაფარვა დაეკისრა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, დაყადაღებულ იქნა დაწესებულების ანგარიში და მომჩივანი ექიმების ვალი ამჟამად მოქმედი თანამშრომლების კუთვნილი ხელფასიდან იფარება.

„გაუსაძლის მდგომარეობაში ვართ. მოქმედი ქირურგი სწორედ უხელფასობის გამო გადავიდა აქედან. მხოლოდ სომატური განყოფილება და მიმღები მუშაობს. მხოლოდ ამის გამომუშავება საავადმყოფოს ფუნქციონირებას არ ყოფნის. წელიწადში 6 თვე უხელფასოდ ვართ. შარშან რა ავიღეთ, არც ვიცი“, - ამბობს საავადმყოფოს ექიმი მიმოზა ტყებუჩავა.

პრობლემები დაიწყო 2011 წლის მარტიდან, როცა პრობლემები შეექმნა სადაზღვევო კომპანია „ვესტს“. მაშინ, ფაქტიურად, „ვესტი“ აფინანსებდა ჩვენს ძირითად პაციენტებს. 98% იყო მათი დაზღვეული. მაშინ „ვესტს“ 8 თვის განმავლობაში არ გადმოურიცხია ერთი თეთრიც...
ალექსანდრე ქადარია
სამედიცინო ცენტრში, სადაც ერთადერთი ხელსაწყო 1968 წელს გამოშვებული ხელოვნური სუნთქვის აპარატია, ამჟამად პაციენტებისთვის მხოლოდ გადაუდებელი დახმარების აღმოჩენას ახერხებენ:

„ეს არის ჩვენი ხელოვნური სუნთქვის აპარატი. ერთმა ამერიკელმა დაათვალიერა და თქვა, რომ ეს სამუზეუმო ექსპონატია. გაგიჟდა ის კაცი“, - გვითხრა ლალი ადამიამ.

სენაკის რაიონული საავადმყოფოს დირექტორი ალექსანდრე ქადარია გვიხსნის, რომ სამედიცინო დაწესებულებაში რიგი პრობლემები წლების განმავლობაში დაგროვდა. მისი ცნობით, 2009 წელს საავადმყოფომ ხელშეკრულება გააფორმა სადაზღვევო კომპანია „ვესტთან“. მოგვიანებით, მას შემდეგ, რაც მან ვერ მოახერხა ხელფასების გაცემა, შეთანხმება შედგა სადაზღვევო კომპანია „არქიმედე გლობალ ჯორჯიასთან“, თუმცა დავალიანების დაფარვა ვერც მან შეძლო:

„პრობლემები დაიწყო 2011 წლის მარტიდან, როცა პრობლემები შეექმნა სადაზღვევო კომპანია „ვესტს“. მაშინ, ფაქტიურად, „ვესტი“ აფინანსებდა ჩვენს ძირითად პაციენტებს. 98% იყო მათი დაზღვეული. მაშინ „ვესტს“ 8 თვის განმავლობაში არ გადმოურიცხია ერთი თეთრიც. საბოლოო ჯამში, დაგროვდა სამოცდაათი ათასი ლარის დავალიანება. ახლა არის 61 ათასი „ვესტის“ დავალიანება და 14 ათასი „არქიმედეს“ დავალიანება“.

იქ სხვა პრობლემებთან ერთდ ელექტროენერგიის საფასურის გადახდასაც ვერ ახერხებენ. ჩვენ ადგილობრივ ხელმძღვანელობასთან ერთად ვმუშაობთ, რომ ეს პრობლემა იქნეს განმუხტული...
დიმიტრი მახათაძე
დირექტორის განცხადებითვე, მთავრობა საავადმყოფოს წლების განმავლობაში მიზანმიმართულად არ ეხმარებოდა, რადგან სრულიად სხვა გეგმა ჰქონდათ:
„წინა მთავრობის პირობებში არსებობდა ასეთი გეგმა, რომ ეს საავადმყოფო დახურულიყო და აქ „არქიმედეს“ კლინიკა გახსნილიყო. დღევანდელ ხელისუფლებაზე ამას ვერ ვიტყვი“.

საავადმყოფოს დირექტორს არ ეთანხმებიან ჯანდაცვის სამინისტროში. მინისტრის მოადგილის დიმიტრი მახათაძის განცხადებით, საავადმყოფოს მიზანმიმართული დახურვის ან განადგურების სურვილი და პრეცედენტი არ არსებობს:

„იქ სხვა პრობლემებთან ერთდ ელექტროენერგიის საფასურის გადახდასაც ვერ ახერხებენ. ჩვენ ადგილობრივ ხელმძღვანელობასთან ერთად ვმუშაობთ, რომ ეს პრობლემა იქნეს განმუხტული. რაც შეეხება დავალიანებას, თუ მოვალეთა რეესტრში დაფიქსირებული მოქალაქეები თავიანთ სარჩელს გარკვეულ მიმართულებას არ შეუცვლიან, პრობლემა დარჩება პრობლემად. ეს იურიდიული საკითხია და უნდა იქნეს განხილული. ჩვენ ამ პრობლემაზე აქტიურად ვმუშაობთ“.

დიმიტრი მახათაძის განმარტებით, იმისათვის, რომ სენაკის საავადმყოფოში არსებული პრობლემები ეტაპობრივად მოგვარდეს, გეგმა შემუშავდება. მიმდინარე კვირაში მინისტრის მოადგილე სენაკში ჩასვლას და მედპერსონალთან გასაუბრებას აპირებს.