ჟენევაში ქართულმა მხარემ დაგმო რუსეთის მიერ საჰაერო სივრცის დარღვევა

10 მარტს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან სამუშაო შეხვედრაზე ქართულმა მხარემ შეშფოთება გამოთქვა უკანასკნელ პერიოდში რუსული სამხედრო ვერტმფრენების მიერ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებადი საჰაერო სივრცის დარღვევის ფაქტებისა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ რუსეთის ჯარის მიერ მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების გავლების გამო. შეხვედრის დროს აღინიშნა საქართველოს ცალმხრივად მიღებული სამართლებრივი ვალდებულების საპასუხოდ რუსეთის მხრიდან ძალის გამოუყენებლობის ვალდებულების აღების აუცილებლობა. შეხვედრაზე მხარეებმა 25-26 მარტს დაგეგმილ 27-ე რაუნდის დღის წესრიგით გათვალისწინებული კონკრეტული საკითხები განიხილეს.