ქეთევან ციხელაშვილი - მინისტრის მოადგილე

9 მარტი, კვირა
დღეს ჩვეულ დროს გამეღვიძა. მერე გამახსენდა, რომ კვირაა და შემიძლია მონატრებული ძილი ცოტა გავიხანგრძლივო... ისედაც მთელი კვირა ბიოლოგიური საათის აღდგენას მოვუნდი. გასულ კვირას ჯერ ევროპაში ვიყავი საქმიანი ვიზიტით, მერე - ორი ტრანსატლანტიკური ფრენა სამი დღის განმავლობაში: თებერვლის ბოლოს ამერიკაში პრემიერის ვიზიტს შევუერთდი. მეტად წარმატებული ვიზიტი იყო, მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნის დღევანდელობისა და მომავლისათვის. საქართველოს და ამერიკის შეერთებული შტატების თანამშრომლობას სტრატეგიული ქარტია განსაზღვრავს, რომელიც ბევრ სფეროს მოიცავს. ქარტიის ყოველწლიურ სხდომაზე მე ოთხიდან ერთ-ერთი მიმართულების თანათავმჯდომარე ვარ. ხალხთაშორის კონტაქტების განვითარებაზე ვმუშობთ. ეს ეხება განათლებას, კულტურას, სპორტს, ჯანდაცვას, მეცნიერებას... მიხარია, რომ ეს ურთიერთობები ღრმავდება.

ოღონდ პარადოქსული ის არის, რომ, დღეს, XXI საუკუნეში, პროგრესისა და ცივილიზაციის თანამედროვე პირობებში,ზოგისათვის ოკეანის მეორე მხარეს გადაფრენა უფრო ადვილია, ვიდრე სხვებისთვის მავთულხლართებით დაშორებულ ორიოდე მეტრში მცხოვრები მეზობლისთვის ხელის ჩამორთმევა. ბევრი ვისაუბრეთ ამერიკელებთან რუსულ ოკუპაციასა და მის მახინჯ სახეზე. ეს უნდა შეჩერდეს! ამერიკელები კიდევ ერთხელ მოუწოდებენ რუსეთს, პატივი სცეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. თუმცა, როგორც ჩანს, მოსკოვში ეს ენა კარგად არ ესმით. მაშინ ჯერ კიდევ წინ იყო ყირიმის მოვლენების პიკი, რამაც კიდევ ერთხელ დააფიქრა დასავლეთი იმაზე, თუ როგორ, რა ფორმით, რა სიცხადითა და ადეკვატურობით უნდა მოახდინოს რეაგირება რუსეთის ქმედებებზე....

დღეს მაინც მიწევს მუშაობა, სამსახურში მივედი რამდენიმე საათით. ბევრი საქმე დამიგროვდა. წინა კვირაც ძალიან დატვირთული იყო. ხშირად ხდება ასე.

ჩემი ახლო მეგობრის დაბადების დღეა. რამდენი კარგი რამ მინდა ვუსურვო! ცუდი ის არის, რომ მეგობრებისთვის ჩემი გრაფიკის გამო ცოტა დრო მრჩება. არადა, როგორ მიყვარს ჩემი მეგობრები! :-)

Your browser doesn’t support HTML5

თავისუფლების დღიურები - ქეთევან ციხელაშვილი

10 მარტი, ორშაბათი
დღეს ძალიან დატვირთული და მნიშვნელოვანი დღეა. ბევრი სტრატეგიული მნიშვნელობის დოკუმენტი განიხილება. მთელი დღე შეხვედრებია ჩანიშნული. ეროვნულ ბიბლიოთეკაში მივდივარ. იქ ნატოს კომისიის სხდომაა. დღეს ეროვნული სამოქმედო გეგმა დავამტკიცეთ.

მერე სამი შეხვედრაა საგარეოში, დღეს, მგონი, აქ გადმოვსახლდი. ერთი, შიდა საკონსულტაციო, დასრულდა, მაშინვე დაიწყო ვიდეოკონფერენცია ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების დღის წესრიგზე. ჩვენ ევროპელები ვართ. გვიყვარს თავისუფლება. გვინდა, ჩვენს ღირსებას, აზრს, უფლებებს პატივი სცენ. გვინდა მშვიდობა. ევროკავშირი კი მშვიდობისა და განვითარების პროექტია, რომელიც ორი მსოფლიო ომის ნანგრევებზე აღმოცენდა. ეს არის მომავალი, რომელიც ჩვენ ავირჩიეთ, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს კონკრეტულ სარგებელს მოუტანს... გვინდა ეს ხმა რუსული ტანკების მიღმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებლებსაც მისწვდეს: ეს თქვენი მომავალიც არის, რაც ძალიან განსხვავდება რუსული წნეხისგან. ეს ის მომავალია, რომელიც იმ ხალხმაც აირჩია, ვინც ამ რეგიონებიდან გამოდევნილია და ჯერ ვერ ბრუნდება საკუთარ სახლებში.

ვიდეოკონფერენცია რამდენიმე საათს გაგრძელდა. ამიტომ ადამიანის უფლებათა სტრატეგიის განხილვაზე ვეღარ ვასწრებ წასვლას. თანამშრომელს ვთხოვ მან მიიღოს მონაწილეობა. შესვენების გარეშე იწყება ჟენევის თანათავმჯდომარეებთან შეხვედრა. ეს ყოველი მომდევნო რაუნდის წინ ხდება. სავარაუდოდ, ეს შეხვედრაც დიდხანს გასტანს.... უცებ მახსენდება, არა, კი არ მახსენდება, ვგრძნობ, რომ დღეს არც კი მისაუზმია... ჩემს თანამშრომელს ჩანთაში პატარა სნიკერსი აღმოაჩნდა. :) საღამოს სამსახურში მივბრუნდი. 11 საათისაკენ მე და ჩემი ერთგული თანაშემწე ოფისიდან გავდივართ. ხშირად ასეა.

11 მარტი, სამშაბათი
დღეს ბევრი საქმეა... დილა ისევ სიჩქარით იწყება.

ტელეფონის ზარები. ამჯერად თვის ბოლოსთვის კიდევ ერთი ევროპული დელეგაციის ვიზიტს მითანხმებენ მავთულხლართებით გაყოფილ სოფლებში.

წინა კვირას ორი ასეთი გასვლა მოეწყო, ვმასპინძლობთ ევროპელ პოლიტიკოსებს, ისევ უჩვეულო, არასტუმართმოყვარულ ვითარებაში, ვაჩვენებთ რუსეთის „საჩუქარს“. დვანი ერთ-ერთია იმ 20-მდე სოფელს შორის, რომლებიც უშუალოდ გახლიჩეს მავთულხლართებით - ვუხსნი ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების სპეციალურ ელჩებს.

„ეს ბერლინის კედელს ჰგავს“ - დაუჯერებელია და დაუშვებელი! ამბობენ ისინი.

ჩემი მეორე სტუმარი, ევროპის ერთ-ერთი თვალსაჩინო პოლიტიკოსი, ყოფილი ევროკომისარი და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი, გიუნტერ ფერფოიგენი გვერდით მიდგას და ამ ყველაფრის ნახვის შემდგომ ქართულ მედიასაშუალებებს ეუბნება:

"რასაც აქ ვხედავ, ჩემი ქვეყნის ისტორიის ერთ პერიოდს მახსენებს. 80-იან წლებში ბერლინში ჩამოვიდა ამერიკის პრეზიდენტი რეიგანი, მან გააკეთა ცნობილი მიმართვა: "ბატონო გორბაჩოვო, დაანგრიეთ ეს კედელი!“. დღეს მე მინდა მისი პერიფრაზი გავაკეთო: “ბატონო პუტინო, დაშალეთ ეს მავთულხლართები!“

არ ვიცი, რამდენად შეისმენს ამ მოწოდებას პუტინი. დღეს მთელი დასავლეთი ჩასჩიჩინებს და აფრთხილებს მას უკრაინის ამბების გამო. პარალელებს ავლებენ ჩვენთვის ავბედით 2008 წლის აგვისტოს დღეებთან; აცხადებენ, მსგავსი რამ აღარ უნდა დავუშვათო. არადა, ამ მოვლენებს შორის სხვაგვარი კავშირიც არსებობს: უკრაინის ოკუპაცია დღეს, საქართველოში დაუსრულებელი რუსული ოკუპაციის გაგრძელებაა.. მხოლოდ ერთი სცენარი კი არ არის, არამედ ერთი ისტორიაა...

ვხვდები სოფლის მცხოვრებლებს. მახსოვს, წინა შეხვედრაზე რაზე ვიმსჯელეთ და მინდა შევამოწმო, მოგვარდა თუ არა ეს პრობლემებ; გავიგო, ახლა რა აწუხებთ და კიდევ რა შეგვიძლია გავაკეთოთ.

12 მარტი, ოთხშაბათი
დღეს ცოტა განსხვავებული დღეა. შინ ვისაუზმე, რამაც დედაჩემი ძალიან გაახარა. დედა არა მარტო მსოფლიოში საუკეთესო დედაა, არამედ ჩინებული მზარეულიც. არ ვიცი, ყველაფერს ერთად როგორ ასწრებს და თან ყველაფერი ასე კარგად როგორ გამოსდის. რაც თავი მახსოვს, თან მუშაობს, თან ოჯახსაც უვლის, თან არაჩვეულებრივი მასპინძელია. ამიტომ ჩვენს სახლში ყოველთვის სტუმარია. ახლაც ბევრი სამუშაო აქვს. ელექტროინჟინერია და ქალაქების განათებით დაწყებული, შენობების შიდა დიზაინით დამთავრებული, პროექტებს ამზადებს. მახსოვს სახლში, ქუთაისში, სამუშაო მაგიდაზე უამრავი ნახაზი, ჩემთვის გაუგებარი ფორმულები და მშვენიერი კატალოგები იყო, რაც მე და ჩემს დას ძალიან გვაინტერესებდა... გვერდით მამას ნახაზები აწყვია. ის გეოლოგია. ყოველთვის მხიბლავდა მისი პროფესია, მაგრამ ჩემგან, ალბათ, მაინც არ გამოვიდოდა გეოლოგი... ისე, ბავშვობაში კინორეჟისორობა მინდოდა.

მოკლედ, ასეა თუ ისე, ის ვარ, ვინც ვარ... მაგალითად, ცუდია, რომ კულინარიული შესაძლებლობები გენეტიკურად არ გადადის. თუმცა არც ისე ცუდადაა საქმე. ევროპაში რომ ვსწავლობდი და ვმუშაობდი, წლების განმავლობაში ჩემს უცხოელ მეგობრებთან და კოლეგებთან ქართული კულტურისა და სამზარეულოს წარმოჩენის მცდელობის დროს რამდენიმე კერძის მომზადებაში კარგადაც დავხელოვნდი. ყოველ შემთხვევაში, მოსწონთ. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ხინკალს, მაგალითად, მარტო ვაკეთებ ყველა წესის დაცვით... თუმცა ხშირად ვერ ვახერხებ. კარგია, რომ ჩემი მეუღლე ამას გაგებით ეკიდება, გერმანელია და ალბათ ესეც მშველის. :)

ის ბერლინში ცხოვრობს, მე თბილისში. ხშირად ვხუმრობთ, რომ რეალურად გზაში ვცხოვრობთ. მეგობრები მეუბნებიან, რომ არის ამაში რაღაც რომანტიკული...

დღეს სამი შეხვედრა მაქვს საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. ერთ-ერთი საკითხი მავთულხლართებით დაზარალებული მოსახლეობისათვის დამატებითი საერთაშორისო დახმარების მობილიზებაა.

13 მარტი, ხუთშაბათი
დღეს ძალიან აქტიური დღეა - პრესა, ჟურნალისტები, ინტერვიუები... დილა კომეტარებით იწყება. ამჯერად აქტუალურია გაეროს წარმომადგენლის ვიზიტი აფხაზეთში და მერე აფხაზური პრესის მიერ გავრცელებული ინფორმაცია. დარწმუნებული ვარ, გაეროს წარმომადგენლის სიტყვების არასწორ ციტირებას ახდენენ. როცა კითხვები ჩნდება, ცხადია, პასუხი უნდა გაეცეს.

დღეს ვგეგმავთ უწყებათაშორის სამუშაო შეხვედრებს. იქითა კვირის შუა რიცხვებამდე უნდა მოვაწროთ, ვიდრე ბრიუსელში გავემგზავრებოდე. მერე ჟენევის დისკუსიების რაუნდი გადაებმება და ერთი კვირა სამუშაო ვიზიტებით ისევ საზღვარგარეთ მომიწევს ყოფნა. კოლეგების ჯგუფთან ერთად განვიხილეთ სოციალური რგოლის სცენარიც, რომელიც სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობის მოქალაქეებისთვის მოკლედ და გასაგებად განმარტავს, რა არის ჩვენთვის ევროპული არჩევანი და რა სარგებლობას მოგვიტანს...

დღეს მძიმე დღეც არის - ჩემი დის მეგობარი, ახალგაზრდა, ძალიან ნიჭიერი და ჭკვიანი ბიჭის დაკრძალვაა, რომელსაც კარგად ვიცნობდი. წარმოუდგენელია. სიტყვები არ მყოფნის...

საღამოს, როგორც იქნა, მოვინახულე ჩემი მეგობარი. მძიმედ ავადმყოფობდა და გამიხარდა, რომ ახლა უკეთ არის. ოპტიმიზმი და შემართება ძლიერი მამოძრავებელი ძალაა, მაშინაც კი, როცა ამის საფუძველი თითქოს ნაკლებად ჩანს...

საქმეშიც ასეა. ჩვენი სფერო რთულია, დიდი პასუხისმგებლობა და მძაფრი ემოციები, რადგან დაუსრულებელ ომში ვართ. როცა ისმენ კონფლიქტით დაზარალებულთა წუხილს, უყურებ, როგორ არჭობენ რკინის ბოძებს შენს მიწაზე რუსი ოკუპანტები, გული გრძნობს თითოეულ ამ დარტყმას. მაგრამ ეს არის სამსახური, რთული და საპატიო სამსახური სამშობლოსათვის, სადაც უამრავ ემოციას, ცრემლებს, ბრაზს, სიფიცხეს უნდა გაუმკლავდე. უნდა გახსოვდეს, რა დევს სასწორზე, რა არის ფასი ნებისმიერი შეცდომისა თუ გადაცდომის და წინ გაიხედო, მთავარი ამოცანისკენ – ერთიანი ევროპული საქართველოსკენ.

14 მარტი, პარასკევი
საღამოს ცხრის ნახევარზე სამსახურში მოვბრუნდი.

რადიო პალიტრაში ვიყავი მერაბ მეტრეველთან. ვიმსჯელეთ აფხაზეთის საკითხში საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობაზე. დღეს მათთან მქონდა შეხვედრა.

შუადღისას ევროკავშირის ერთ-ერთი ქვეყნის ელჩს შევხვდი. შევთანხმდით, რომ მისი საელჩო ქარელის დაზარალებული სოფლის ერთ-ერთი სკოლის აღდგენით დაგვეხმარება. კარგია.

საღამოს საექსპერტო ჯგუფთან მოეწყო შეხვედრა. ჩემს სამუშაოს ერთი თავისებურება ახასიათებს: ყოველთვის ყველაფერს საჯაროდ ვერ ვამბობთ, რათა საქმე არ დაზარალდეს. შეხვედრა საინტერესო იყო, თუმცა დამთავრებამდე მომიხდა დატოვება, რადგან რადიოში მაგვიანდება.

დღეს სხვა დოკუმენტებთან ერთად დეტალურად ვეცნობი ჟენევისათვის მომზადებულ მასალებს, რაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობას ასახავს. ჟენევის დისკუსიები რთული და მნიშვნელოვანია, თან ერთადერთი ფორმატია ძირითადად ქართულ-რუსულ კონტექსტში საერთაშორისო ჩართულობით, თუმცა ძალიან პოლიტიზებულია, სამწუხაროდ; უფრო სწორად, თეატრალურ-პოლიტიკური დრამის ჟანრიდანაა.

15 მარტი, შაბათი
რაღაც ხმაური მაღვიძებს, ჩემი ფისო გვერდით ოთახში რაღაცას ეთამაშება. ძალიან საყვარელია, პატარა, თეთრი, ცელქი და ჭკვიანი. ძალიან მიყვარს ცხოველები და ვერ ვიტან მათ მიმართ ძალადობას და მოძალადეებს... არადა, ხშირად ვაწყდებით, სამწუხაროდ. ჩემი ძაღლიც, რომელიც ჩემს მშობლებს ჰყავთ სახლში, როცა შევიფარეთ, ასეთი ძალადობის შედეგად თითქმის სრულიად დაბრმავებული, არაჩვეულებრივი ლეკვი იყო...

უკრაინის ამბებს გადავავლე თვალი. თანდათან მკაცრდება დასავლელი ლიდერების ტონი, ევროპარლამენტი მოუწოდებს რუსეთს, დაუყოვნებლივ გაიყვანოს ჯარი უკრაინიდან, გერმანელებს მდგომარეობის დიპლომატიური გზებით დარეგულირების იმედი ეწურებათ.

კერისა და ლავროვის შეხვედრაც უშედეგოდ დამთავრდა... დაპირისპირება არავის უნდა, მათ შორის არც ჩვენ (ეს უკვე გამოვიარეთ), მაგრამ იმასაც ყველა ხვდება, რომ დღევანდელი სტრატეგია უფრო ნიანგის გამოკვებას ჰგავს... ხვალ რეფერენდუმია ყირიმში. ელოდებიან, რას იზამს რუსეთი. არადა, მგონია, მოსკოვს კიდევ ერთი გაურკვეველი და სადავო სტატუსის კონფლიქტის კერა სჭირდება. ეს ჩვენთან და სამეზობლოს სხვა ქვეყნებში კარგად გამოცდილი მეთოდია. აი სწორედ ამიტომ არის აუცილებელი ჩვენი კონფლიქტების მშვიდობიანად და მყარად მოგვარება.

საღამოს ჩემს მეგობრებს უნდა შევხვდე. იმედია, დღე წყნარად ჩაივლის და გეგმის შეცვლა არ მომიწევს...