თბილისის მეორე ჰაკათონის 11 საუკეთესო პროექტი

Map Man -  აპლიკაციის მიზანია შექმნას ქსელი ადამიანებისა, რომლებსაც სჭირდებათ დახმარება და შეუძლიათ დახმარება. რეგისტრაციის დროს აპლიკაციაში უთითებ თუ რისი გაკეთება შეგიძლია. თუ ვინმეს შენი დახმარება დასჭირდება, შეუძლია მოგძებნოს და გთხოვოს დაეხმარო ან შეიძლება ერთხელ თვითონაც დაგჭირდეს დახმარება და აპლიკაციის მეშვეობით უცებ აღმოაჩინო, რომ შენს გვერდით ცხოვრობს ექიმი, სანტექნიკოსი, კომპიუტერის ინჟინერი და ა.შ.

Blind Cam - რომლის შემქმნელებიც კომაროვის სახელობის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის 199-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები არიან. მათი პროექტი საშუალებას აძლევს უსინათლო ადამიანებს, გამოიყენონ სმარტფონები. ეს ხდება სპეციალური ბარათების დახმარებით, რომელთა უკანა ნაწილზეც ბრაილის შრიფტითაა ამოტვიფრული ბრძანება, მეორე მხარეს კი ამ ბრძანების შესაბამისი ვიზუალური გამოსახულებაა. მაგალითად, ბარათებზე შეიძლება გამოსახული იყოს ბრძანებები: დარეკვა, მუსიკის ჩართვა, საათის გაგება, ამინდის გაგება და ა.შ. მაშინ, როცა ბარათს სმარტფონის კამერის წინ დავაფიქსირებთ, აპლიკაცია კითხულობს ბრძანებას და სმარტფონიც შესაბამის მოქმედებას ასრულებს. პროექტის ავტორებს თავისუფალმა უნივერსიტეტმა ერთწლიანი გრანტი გადასცა.

Hack A Ton - თამაში, რომლის მოტივიცაა, ერთ სივრცეში მოქცეულ ორ იუზერს საშუალება მისცეს, მოპაროს ერთმანეთს წინასწარ განზრახული ინფორმაცია სმარტფონიდან, მაგალითად, ფოტოს ნაწილი და ა.შ. თამაშის პრინციპი მარტივია: დაჰაკე რაც შეიძლება მეტი და ეცადე არ დაგჰაკონ შენ. 

Guide - აპლიკაცია, რომელიც გრძნობს, თუ როდის უახლოვდებით რომელიმე ექსპონატს მუზეუმში. ამის შემდეგ აპი სმარტფონში ავტომატურად გიტვირთავთ ინფორმაციას ნამუშევრის შესახებ. ეს ერთგვარი გიდია, რომლისთვისაც ზედმეტის გადახდა არცერთ მუზეუმში არ მოგიწევთ.

PrintBox - ყუთი, რომელშიც შესაძლებელია სასურველი ფაილების შეტანა და მათი ამობეჭდვა. მოწყობილობაში სასურველი ფაილის შეტანის შემდეგ მომხმარებელს მოუწევს ჩარიცხოს საფასური და პრინტბოქსიც ამორჩეულ ფაილებს ამობეჭდავს.

Avaria App - აპლიკაცია, რომლის მიზანიცაა დაიცვას მძღოლები შესაძლო ავტოსაგზაო შემთხვევებისგან. ამისთვის საჭიროა უბრალოდ აპის აქტიური მომხმარებელი გახდეთ, დაიტანოთ რუკაზე „საშიში ზონები“, რომელსაც Avaria App-ის სხვა მომხმარებლები დაინახავენ. ასეთ ზონასთან მიახლოების შემთხვევაში მომხმარებელს ეგზავნება შეტყობინება, რომელიც მას სავარაუდო საშიშროების შესახებ აფრთხილებს.

MidaS - მიდასი თამაშია, რომლის მთავარი პერსონაჟი ყველაფერს ოქროდ აქცევს. მოთამაშის გამოწვევა შემდეგია: თქვენ უნდა მოახერხოთ მოიხსნათ ჯადო, რომლის გამოც პერსონაჟი ყველაფერს, რასაც ეხება, აქცევს ოქროდ, რომელსაც ამ თამაშში არავითარი ღირებულება არა აქვს. თქვენი მიზანია, მოახერხოთ და მიაღწიოთ პრინცესამდე, თუმცა აქამდე მოგიწევთ ყველა ნაბიჯი ზუსტად გათვალოთ. პროექტის ავტორები არიან 14 წლის ნიკა ოთიაშვილი და 15 წლის საბა აბესაძე.

მეოთხე ადგილი (პრიზი 1000 ლარი): Market Guide - აპლიკაციის მიზანია დაეხმაროს მომხმარებელს შეარჩიოს სასურველი პროდუქტები საუკეთესო ფასად. შეთავაზებების პლატფორმის დახმარებით, ნებისმიერ მაღაზიას შეუძლია დაამატოს, თუ რა ფასად ყიდის კონკრეტულ პროდუქტს. მონაცემები ერთიანდება ერთ ბაზაში, რომელშიც მომხმარებელი ეძებს სასურველი პროდუქტის სასურველ ფასს. ასევე აპი გასწავლით სასურველ მაღაზიამდე მისასვლელ გზას. 

მესამე ადგილი (პრიზი 2000 ლარი) Cloud Library - პროექტი რომლის მიზანიცაა თბილისის რუკაზე გარკვეული ლოგიკით დაიტანოს წიგნები, რომლებზე წვდომაც ადამიანებს კონკრეტული გეოგრაფიული ლოკაციიდან გამომდინარე ექნებათ. 

მეორე ადგილი (პრიზი 3000 ლარი) ლეიზერ პიუ - რობოტი, რომელიც, პროექტის შემქმნელების აზრით, შეიძლება იყოს დისტანციური სათამაშო ბავშვებისთვის, ფანჯრის მწმენდავი, მზვერავი ან ექსტრემალურ პირობებში ცათამბჯენის ფოსტალიონიც კი. 

გამარჯვებული (პრიზი 4000 ლარი) პროექტი "Tbilisi Drive" - ანდროიდის აპლიკაცია, რომლის შემქმნელებსაც აქვთ პრეტენზია, თბილისში ავტომობილით მგზავრობა უსაფრთხო გახადონ. მომხმარებელი თავიდან იღებს ქულებს. თუ მანქანას წესების დაცვით ატარებთ, თქვენი მაჩვენებელი იზრდება, ხოლო თუ უშვებთ შეცდომებს - ქულები გაკლდებათ. აპლიკაცია იღებს მონაცემებს ოთხი ტიპის შეცდომისგან: ორმოზე გადავლა, მყისიერი მუხრუჭი, მოსახვევში სახიფათო შესვლა, სიჩქარის გადაჭარბება. პროგრამა ქმნის საერთო რეიტინგს, რომელშიც აპლიკაციის მომხმარებელი ყველა მძღოლი ერთიანდება. პროგრამას აქვს კიდევ ერთი საინტერესო ფუნქცია, რომელიც ავრცელებს მონაცემებს თბილისში არსებული ორმოების შესახებ და თუ უკვე ბაზაში შეტანილ ორმოს სხვა მძღოლი მიუახლოვდება, აპლიკაცია ამის შესახებ გააფრთხილებს.