როგორ მოქმედებს საერთაშორისო სანქციები

რუსეთის აქციების ვარდნის ამსახველი გრაფიკი

აშშ და ევროკავშირი რუსეთს, უკრაინაში შეჭრის გამო, მიზანმიმართულ ეკონომიკურ სანქციებს უწესებენ და იმუქრებიან, რომ ამ სანქციებს გააფართოებენ. როგორ მუშაობს საერთაშორისო სანქციები, ზოგადად?

ვის აქვს სანქციების დაწესების უფლებამოსილება?

რუსეთი აცხადებს, რომ ცალმხრივი სანქციები საერთაშორისო კანონმდებლობის დარღვევაა. საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი 20 მარტს შემდეგი განცხადებით გამოვიდა სახელმწიფო დუმაში: „ცალმხრივ სანქციებს სიკეთე არასოდეს მოუტანია. ისინი არალეგიტიმურია, არ ემყარება საერთაშორისო კანონმდებლობას. [გაეროს] უშიშროების საბჭოა ერთადერთი ორგანო, რომელსაც შეუძლია გადაწყვეტილების მიღება სუვერენული სახელმწიფოების წინააღმდეგ იძულებითი ზომების შესახებ. მას არ მიუღია ასეთი სანქციები რუსეთისა და უკრაინის იმ ხელისუფლების მიმართ, რომელსაც პრეზიდენტი იანუკოვიჩი წარმოადგენს“.

თუმცა თავად რუსეთი მუდმივად მიმართავს ამ პრაქტიკას და ბევრ ქვეყანას უწესებს სავაჭრო ბარიერებს და შეზღუდვებს. ეს განსაკუთრებით ეხება საქართველოს, მოლდავეთს და უკრაინას - ქვეყნებს, რომლებსაც ევროპასთან ინტეგრაციის მიზნით აქტიური ზომები აქვთ გატარებული.

რა როლს თამაშობს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაცია?

რუსეთი 2012 წელს გაწევრიანდა ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში, რომელიც აერთიანებს აშშ-ს, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს და საკუთრივ ევროკავშირს.

ამ ორგანიზაციის ფუნქცია საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობაა, თუმცა ტარიფებისა და ვაჭრობის თაობაზე მისი შეთანხმება ითვალისწინებს პუნქტებს, რომლებიც ქვეყნებს უფლებას აძლევს, „ეროვნული უსაფრთხოების თვალსაზრისიდან გამომდინარე“, სავაჭრო შეზღუდვები დააწესონ.
ჩემი აზრით, ახლა ყველა ცდილობს ჯერ არ მიმართონ იმ ნაბიჯებს, რომლებიც შესაძლო ზომების სიის სათავეშია. კიდევ ბევრი ცუდი რამ შეიძლება მოხდეს, რუსეთი კიდევ ბევრი გზით შეიძლება ჩაერიოს უკრაინაში და ვითარება გააუარესოს...
იან ბონდი
თეორიულად, რუსეთი შეძლებდა ნებისმიერი სანქციების მართებულობის საკითხის დაყენებას, ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში მოქმედი დავების გადაჭრის მექანიზმების მეშვეობით. ასევე თეორიულად, ორგანიზაცია შეძლებდა სანქციების გაუქმებას, თუკი ჩათვლიდა, რომ ისინი წინააღმდეგობაში მოდის მის წესებთან. მაგრამ პროცესების ასე განვითარება ნაკლებად სავარაუდოა, თუკი სანქციები კონკრეტულ ინდივიდებზე მიმართული დარჩება. თუკი დასავლეთი სანქციებს გააფართოებს და რუსეთის ეკონომიკაზე მიმართავს, - და აშშ-ის პრეზიდენტი, ბარაკ ობამა აცხადებს, რომ ეს შეიძლება მოხდეს, - მაშინ რუსეთს გასაჩივრების მეტი საფუძველი ექნება.

რატომ არ დაუწესდა სანქციები რუსეთის პრეზიდენტს?

სახელმწიფოს მოქმედი მეთაურის წინააღმდეგ სანქციების დაწესება ძალიან იშვიათია და, როგორც წესი, ისეთ მმართველებს ეხება, რომლებიც დასავლეთის ქვეყნებს სურთ, რომ ხელისუფლებას ჩამოშორდნენ - მაგალითად, ზიმბაბვეს პრეზიდენტს, რობერტ მუგაბეს ან ბირმის ყოფილ სამხედრო ხუნტას.

ლონდონში განთავსებული ევროპული რეფორმების ცენტრის ხელმძღვანელისა და ვეტერანი ბრიტანელი დიპლომატის იან ბონდის თქმით, ეს ნაბიჯი მიზანმიმართული სანქციებისთვის უკიდურესია - ის ერთგვარად „ატომური გზის“ ეკვივალენტური რამაა: „მე ამას ატომურ გზას შევადარებდი. და, ჩემი აზრით, ახლა ყველა ცდილობს ჯერ არ მიმართონ იმ ნაბიჯებს, რომლებიც შესაძლო ზომების სიის სათავეშია. კიდევ ბევრი ცუდი რამ შეიძლება მოხდეს, რუსეთი კიდევ ბევრი გზით შეიძლება ჩაერიოს უკრაინაში და ვითარება გააუარესოს“.

რამდენად შესაძლებელია სანქციები დაუწესდეს რუსეთის სახელმწიფო ჟურნალისტებს ან იდეოლოგებს, - მაგალითად, სერგეი მარკოვს ან ალექსანდრ დუგინს, - რომლებიც აქტიურად ამართლებდნენ უკრაინაში რუსეთის შეჭრას?
ბონდის აზრით, ამგვრი ფიგურების წინააღმდეგ სანქციები შეიძლება იმ შემთხვევაში დაწესდეს, თუკი დასავლეთი მიიჩნევს, რომ ისინი ძალადობის აქტიურ პროპაგანდას ეწევიან ან სიძულვილის ენას ამკვიდრებენ. ამასთან, ეს ის საკითხია, რომლის თაობაზეც შესაძლოა აშშ-მა და ევროპამ შეთანხმებას ვერ მიაღწიონ:

„ეს ძალიან რთული თემაა, განსაკუთრებით აშშ-ისთვის - მისთვის უმნიშვნელოვანესია აშშ-ის კონსტიტუციის პირველი შესწორება, რომელიც სიტყვის თავისუფლების გარანტიას იძლევა. ევროპელებისთვის ეს საკითხი ცოტა ნაკლები სიმწვავით დგას, რასაც მკაფიო ისტორიული საფუძვლები აქვს. ის საკმაოდ მკაცრი კანონები მოქმედებს იმის განსასაზღვრად, რამდენად შორს შეიძლება წახვიდე“.

ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების ბოლო რაუნდი მოიცავს დმიტრი კისელიოვს - რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს ხელმძღვანელს. ევროკავშირის დოკუმენტი მას წარმოადგენს ერთ-ერთ ცენტრალურ ფიგურად „სახელმწიფოს პროპაგანდისტულ მანქანაში, რომელიც უკრაინაში რუსეთის ძალების განთავსებას უჭერს მხარს“.