ვარშავაში გაიმართა პოლონეთისა და საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრა

ვარშავაში გაიმართა საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილისა და მისი პოლონელი კოლეგის, ბრონისლავ კომოროვსკის შეხვედრა. მარგველაშვილი ოთხშაბათს ეწვია პოლონეთს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, მარგველაშვილის და კომოროვსკის შეხვედრისას საუბარი იყო ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობასა და საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე. პრეზიდენტებმა უკრაინაში შექმნილ კრიზისსა და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებზეც იმსჯელეს. გიორგი მარგველაშვილმა ბრონისლავ კომოროვსკის მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსის მხარდაჭერისთვის.