ნათია კუპრაშვილი - ჟურნალისტი

30 მარტი, კვირა
წერას ღამე ვიწყებ. ისე, რაღა ღამე, უკვე ორშაბათი შემოთენდება. ვატყობ, ეს "ღამეული" უფრო იქნება, ვიდრე "დღიური".

მიყვარს კვირა, ერთადერთი დღეა კვირაში, როცა სახლიდან ბებია-ბაბუა მიდიან და ბავშვებთან მე და დათო ვრჩებით.

კვირას ბავშვები "ყიყლიყოს დღეს“ ეძახიან (დილით საუზმეზე ამის მეტის გამკეთებელი არ ვარ), დედაჩემი - ღვთის დღეს (ზოგჯერ მგონია, რომ მისი ლოცვები კვირას - დიდუბის ეკლასიაში და ყოველ დღე - სახლში, მთელ საქართველოს ეყოფა გადასარჩენად), მე კი ოჯახის დღეს ვეძახი. დათოსთვის კვირაც ნადირის დღეა, მთავარია, სეზონი და ამინდი იყოს.

ამინდს დღეს არა უშავს, მაგრამ ჩვენი ექვსი ძაღლიდან ერთ-ერთს გუშინ ცხრა ლეკვი ეყოლა და დათომაც ნადირობები გადადო. ჰოდა, ახლა ოჯახში ჯამში 23 სული ვართ: მე, დათო, ბებია-ბაბუა სამი შვილიშვილით, ექვსი ძაღლი - ცხრა ლეკვით და ერთიც სტუმარი ევროპიდან.

დათო მსახიობია, უმეტესად დიდ სცენაზე - ტყეში თამაშობს, თან სულ მთავარ როლშია, სულ იმარჯვებს. გამარჯვების შედეგი ჩვენს მაცივარში არასდროს ილევა. ჰოდა, ოჯახიც დათოს წყალობით, ისე როგორც მაცივარი, თავის თავში მუდმივად აერთიანებს რაღაც არქაულს და რაღაც თანამედროვეს.

დღეს ოჯახს ერთი ასეთი ყუთიც შეემატა, არქაულობითა და თანამედროვეობით სავსე: საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატთა დოკუმენტაციები მივიღე. გავეცანი, მოვნიშნე, დავახარისხე, მერე ისევ გავეცანი, ისევ მოვნიშნე, ისევ დავახარისხე. მარიშკომ დახმარება შემომთავაზა "სტუდენტების ნაწერების გასწორებაში“, უარი რომ მიიღო, გავიდა და "მასწავლებლობანას“ თამაში გააგრძელა. ბაქარი ისევ გამიბრაზდა - "ჩემთვის როდის უნდა მოიცალოო“. ტასომ პირველად ჭამა ვაშლი. დათომ კი დამარწმუნა, რომ ჩვენ წინაშე უაღრესად პერსპექტიული კანდიდატები არიან - ფრინველზე სანადიროდ - ლეკვების სახით.

გვიან მოვიდა ევროპელი სტუმარი და ევროპის ქვეყნების საზოგადოებრივი მაუწყებლების ავკარგზე მესაუბრა. უმეტესად ამგვარი არხების სისტემურ გაუმართაობაზე გააკეთა აქცენტი. ცოტა ვიკამათეთ. მითხრა, რომ "ჩემს თავზე უნდა მეფიქრა“ რომ "კვლავ კომისიაში ყოფნაზე აღარ უნდა დავთანხმებულიყავი“, რომ "მადლობელი არავინ დამრჩებოდა, ნაწყენი კი ბევრი“ და ა.შ...

ვიცი, რთული კვირა მელის!

Your browser doesn’t support HTML5

თავისუფლების დღიურები - ნათია კუპრაშვილი


31 მარტი, ორშაბათი
მესიჯის ხმამ გამაღვიძა - SDA მწერდა: "გილოცავთ, თქვენი პატარა 5 თვისაა. შეუძლია საგნების დაჭერა და პირთან მიტანა. ტრიალდება ზურგიდან მუცელზე. არჩევს უცხო პირებს.“

ტასოს გავხედე, მან ქცევით კარგა ხანია გაუსწრო შეტყობინების შინაარსს.

SDA ხუთი თვეა, ინტენსიურად მიგზავნის შეტყობინებებს. დღემდე ვერ გამირკვევია, ვინ მეხმარება, რომ, მაგალითად, არ დამავიწდეს ტასოს აცრის დრო.

განმეორებითი აცრა მოიცდის. ბლოკნოტში წინასწარ ჩანიშნული შეხვედრები ჩანს, საღამომდე ვერ დასრულდება. მიხარია, ორგანიზატორებს თითქოს პირი შეუკრავთ - ყველა შეხვედრა "ქორთიარდშია“ დაგეგმილი.

პირველი შეხვედრის დაწყებამდე GARB-ში გავირბენ. GARB-ი რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის აბრევიატურაა, რასაც სიტყვათთამაშში ვიყენებთ ხოლმე. "ახალი ამბები GARBენით“ - ჩვენი ერთ-ერთი სლოგანია. ახლა სწორედ გარბენით მომიწევს გავიგო, რა გეგმები აქვთ ნუგზარს და თამარს. მათ და კოლეგებს ვუსმენ. ვხედავ, დღის განმავლობაში რეგიონული არხები თბილისიდან საჭირო მასალებს მიიღებენ. კვირის გეგმებიც კარგია, ლამის ერთი თვის წინ დაწყებული ერთ-ერთი თემის დამუშავება დასასრულს უახლოვდება. ნიკა, „მრავალკუთხედის“ წამყვანი, მარტო წამყვანი აღარ არის. გაზრდილია. მიხარია.

ოფისს ვტოვებ და "ქორთიარდში" ვინაცვლებ.

მოვესწარი - ციფრულ მაუწყებლობისთვის განკუთვნილ მულტიპლექსების გაცემის საკონკურსო პირობებს ოფიციალურად გავეცანი. შეხვედრაზეც ვთქვი, რომ ამ საქმეში, მთავრობის მიერ დამტკიცებული სტრატეგიით, ლამის "რომის პაპზე უფრო კათოლიკეები“ ვართ. ბევრი ევროპული ქვეყანა ვერ დაიკვეხნის ასეთ კონკურენციაზე გათვლილ, დივერსიფიცირებულ სქემას, რომელშიც მცირე არხებსაც კი რეალური შანსი აქვთ, გადარჩნენ და განვითარდნენ. ამის მიუხედავად, კოლეგები კოალიციიდან - "მედიის ადვოკატირებისთვის“ - ჩემი არ იყოს, მაინც ვერ ისვენებენ. კითხვას კითხვაზე ვსვამთ, დეტალებს ვუკირკიტებთ, რომ სადმე "ეშმაკი არ დაგვემალოს". შეხვედრა სრულდება, ჩვენ კი მაინც ვრჩებით და თათბირს ვაგრძელებთ. შევთანხმდით, რომ ამ საქმის მთავარი მტერი ახლა ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლამდე დარჩენილი მცირე დროა, რამაც შეიძლება ბევრი რამ გააფუჭოს.

მალე მეორე შეხვედრაც იწყება. შეკრებილთაგან ყველას გვინდა, სატელევიზიო რეიტინგების მკვლევარ ერთადერთ კომპანიაში საგადასახადო სამსახურის შესვლა ისე დასრულდეს, რომ ორგანიზაციის ფუნქციონირებას ხელი არ შეეშალოს.

"TV MR საქართველო“ მართლაც განსაკუთრებული კომპანიაა, მის მონაცემებზეა დამოკიდებული სად წავა, ან წავა თუ არა სადმე სარეკლამო ბაზრის 70%, რაც წელიწადში დაახლოებით 28 მილიონია, რადგან ყველაზე მსხვილ რეკლამის დამკვეთებს, ძირითადად უცხოურ კომპანიებს, შესყიდვა შიდარეგულაციებით მხოლოდ ამ მონაცემებზე დაყრდნობით შეუძლიათ. სხვათა შორის, დღეს საქართველოში მხოლოდ რეგიონული არხების მონაცემთა დამუშავება ვერ ხერხდება. თბილისში ბაზირებულ ტელევიზიების მონაცემებს "TV MR საქართველო“ ამუშავებს, ონლაინგამოცემებს - ინტერნეტრესურსები; რადიოებს, IREX-ის წყალობით, მეორე წელია ერთ-ერთი კომპანია ითვლის, პრესას კი - საკუთარი ტირაჟი. მიმაჩნია, რომ ასეთ უსამართლო გარემოში მხოლოდ ჩვენი, ანუ რეგიონული ტელევიზიების მიზეზით არ ვართ და გადაწყვეტილი მაქვს, ამ საკითხის მოგვარებას მცდელობა არ მოვაკლო.

იმის მიუხედავად, რომ "TV MR საქრთველოს" საკითხი რეგიონულ ტელევიზიებს უშუალოდ არ ეხებათ, მაინც მინდა პრობლემა დროულად და მშვიდობით მოგვარდეს. ჯერ კიდევ მტკივა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გამოყენებით მედიებზე ზეწოლის შემთხვევები. ეს დღეები სულ მახსენდებოდა, ორი წლის წინ, ზედ წინასაარჩევნოდ სახელმწიფო აუდიტის სამსახური ოფისში გაუფრთხილებლად რომ მოგვადგა. ამაზე, მაშინ საჯაროდ არ მიწუწუნია. არ მინდოდა, მედიის შევიწროებით გადაღლილი ჩემი კოლეგები ჩვენი ამბითაც შემეწუხებინა.

მგონია, რომ ჩვენი მაშინდელი შემთხვევა, "TV MR საქართველოს" ახლანდელ პრობლემაზე, უფრო მძიმეც და ჩვენი არსებობისთვისაც საშიში იყო. მაგრამ ბოლო პერიოდში მედიისთვის მოწმენდილ ცაზე, ეს ამბავი მაინც ჭექა-ქუხილივით გაისმა. მთავარია, ისე არ მოწვიმოს, როგორც ქუხს. ეს ამბავი ახლა სასამართლოში გრძელდება, რაც იმაზე მეტად იმედისმომცემია, ვიდრე ორი წლის წინ შეიძლებოდა ყოფილიყო.

დღის მთავარი სამუშაო საღამოს იწყება. კომისია საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კონკურსის კანდიდატებზე ვმსჯელობთ - ე.წ. შეკვეცილი სიის მისაღებად. ეს კომისია ქართულ სიმღერას ჰგავს: ყველა სხვადასხვა ხმაზე მღერის, მაგრამ შეხმატკბილებულად.

მეორე ეტაპზე 60-დან მხოლოდ 27 პირი გადადის. ორი ჩემი მეგობარი მათ შორის ვერ ხვდება. მათზე გაბრაზებული ვარ. ჩანს, კონცეფცია ნაჩქარევად დაწერეს. სიის მიღმა რჩება ბევრი ისეთი ადამიანი, რომლებზეც მათი სამეცნიერო, კულტურული, პედაგოგიური, ზოგადად, პროფესიული საქმიანობის გამო ბევრჯერ მითქვამს "ბრავო!“ თუმცა მიღებულ შედეგს მეც ვეთანხმები და კმაყოფილი ვარ.

სანამ დათო ევროპელ სტუმართან ერთად მოდის, ვხედავ ტელეფონზე დღის განმავალობაში მისი 15 უპასუხო ზარი მაქვს, 5 შემდგარი საუბარი. დღის განმავლობაში მოვახერხე, რამდენიმე მნიშვნელოვანი ზარისთვისაც მეპასუხა. ახალი წერილებით სავსეა ელექტონული ფოსტაც, გვიან მათაც ვუპასუხებ.

სახლამდე გზა დაგრძელებული მეჩვენა. ევროპელი სტუმარი არ ჩერდება, ჩხუბობს, კომისიის გადაწყვეტილებას აკრიტიკებს. "პარტიული აქტიურობა კარგი საქციელია და არა პირიქით“, - მეუბნება. ვეთანხმები, მაგრამ ვცდილობ ავუხსნა, რომ იქ, სადაც გვაქვს შანსი ვიპოვოთ არაერთი ისეთი პროფესიონალი, რომლებსაც უკანსკნელი წლების განმავლობაში არ ჰქონიათ უშუალო კავშირი პოლიტიკურ პარტიასთან, სჯობს პრიორიტეტი ასეთებს მივანიჭოთ. ვუხსნი, რომ ინტერესთა კონფლიქტის განმარტების "თამასა“ ახლახან თავად პარლამენტმა, სავსებით მართებულად ასწია, როცა კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს უახლოეს წარსულში ცესკოში ერთ-ერთი პარტიის წარმოდგენის გამო ინტერესთა კონფლიქტი დაუდგინა და იმპიჩმენტი განახორციელა. მოგვიანებით პარლამენტის ამგვარი მიდგომა სასამართლომაც გაიზიარა. ვუმტიცებ, რომ პოლიტიკურ, მით უფრო მმართველ ძალასთან უშუალო კავშირში მყოფი პირის შესვლა მეურვეთა შორის, შექმნის ხელისუფლებისგან საბჭოზე გავლენის აზრს, რაც, მცდარიც რომ იყოს, საზოგადოებრივი მაუწყებლისადმი ნდობას საბოლოოდ დაასამარებს.

ევროპელ სტუმარს ჩემი არ ესმის. ვატყობ, საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილიც ვერ გაგვიგებს.

1 აპრილი, სამშაბათი
"დე, თავი მტკივა“, - ჩამესმის ხმა, უმალ ვფხიზლდები. ჩემ წინ ჩანთამოკიდებული მარიშკო იკრიჭება: "დღეს პირველი აპრილია“, - მეუბნება, მკოცნის და გარბის.

პირველ აპრილს სულ ქუთაისში მინდა. წლების განმავლობაში ეს დღე ამ ქალაქში ნამდვილ ზეიმად მქონდა ქცეული. ერთადერთ როკრადიოში - შესაფერისი სახელით "ლეგენდა“ - მეგობარ თანაწამყვანთან ერთად მსმენელს უცნაურ კონკურსს ვუწყობდით. რა თქმა უნდა, წინასწარ და შემდეგაც არაერთგზის ვაფრთხილებდით, რომ გადავცემდით როგორც სწორ, ისე ცრუ ინფორმაციას. მსმენელს კი ტყულ-მართალი უნდა გაერჩია. პრიზები ბევრი არაფერი გვქონდა, მხოლოდ „აუტსაიდერის“ კონცერტის ბილეთებს თუ ვახერხებდით ხოლმე. თუმცა სტუდიაში ზარები არასდროს წყდებოდა. ძალიან ვერთობოდით.

ამ პირველ აპრილს, ახლახან ქარტიაში "პენ-კლუბის“ მიერ შემოტანილ განცხადებას და მასალებს ვეცნობი. ვხედავ, ტყუილ-მართალს არა მხოლოდ პირველ აპრილს წერენ, თან გასართობად ნამდვილად არა.

GARB-ში ამ პირველ აპრილს მხოლოდ ნამდვილ ინფორმაციებზე ვმუშაობთ. ვაგვარებ სატელევიზიო პროდუქციის შესყიდვის საკითხს. ვადგენთ სოციალური, კომერციული და პოლიტიკური რეკლამის ფასებს. გვინდა, როგორმე "წევრების გაყიდვები" გავზარდოთ, რომ ასოციაციაც გაიზარდოს.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საქმეებს შიდა ჯგუფის წყალობით ვხედავ, თუმცა ჩემი მოსაგვარებელი ბევრი არაფერია, ისეთი პროაქტიური დირექტორი და მდივანი გვყავს. მაგრამ ამ ბოლო დროს მათაც და ჩვენც გვიჭირს. წელს იმდენი საქმეა უკვე შემოსული განსახილველად, რამდენიც შარშან მთელი წლის განმავლობაში გვქონდა. თან ქარტიამ მედიამონიტორინგიც დაიწყო, ვცდილობ, ამ პროექტში ზედმეტად არ ჩავერიო, რადგან წელს ფოკუსში რეგიონული არხებიცაა, არჩევნების სპეციფიკიდან გამომდინარე.

ქარტიაში ე.წ. ცხელ ხაზზე ჟურნალისტებისგან რამდენიმე კითხვა შემოდის, კოლეგებთან ერთად ვმსჯელობ, როგორ სჯობს მასალის მომზადება, ეთიკური გადაცდომების გარეშე. სიფრთხილეს თავი ნამდვილად არ ტკივა, არც შენი და არც სხვისი...

თავი მაინც მტკივდება, საღამოსკენ. სახლში მისული ჩემი "სამკაულით“ (ასე ბაქარიკოს, მარიშკოს და ტასიკოს ვეძახი) ვიმოსები მოსარჩენად. ეს "წამალი“ უებარია.

2 აპრილი, ოთხშაბათი
ტასომ ღამით ისევ ცუდად მიირთვა, ჩემმა მორიგეობამ ამ მხრივ კვლავ ფუჭად ჩაიარა. დედაჩემმა თავი ჯავრით დილიდანვე გაიკრა. მას ტასოს ლოყებიც კი ვერ ამშვიდებს. მამაჩემზე არაფერი მოქმედებს, მთავარია, ტასო ბურთაობის ხასიათზე იყოს.

დანარჩენი, რაც ამ დღეს ჩემს თავს ხდება, პირდაპირ ეთერშიცაა და მეორე არხის ონლაინვიდეოარქივშიც. კომისია კონკურსანტებთან საჯარო გასაუბრებებს გავდივართ. საინტერესო ეტაპია. მნიშვნელოვანი აზრთა გაცვლა-გამოცვლით. თუ არ გინახავთ - გადაახვიეთ.

მე კი მთელი დღე, გასაუბრების პარალელურდ "იმედის" საინფორმაციო პროგრამებს ვახვევ. დაწეული ხმით, ინფორმაციის მისაღებად არა. მეგობარი მენატრება და მხოლოდ საინფორმაციოს წაყვანისას ვახერხებ ვნახო.

შესვენებაზე და საღამოს GARB-თან დაკავშირებულ შეხვედრებს ვასწრებ.

ევროპელი სტუმარი მირეკავს, სახლში წაყვანას მთავაზობს. ჯერ ვერ მივდივარ. მიბრაზდება: "როდის უნდა ისწავლო ნორმირებული მუშაობა, გადათვალე ერთი საათში რა ანაზღაურება გაქვს - სასაცილო...“ ვეუბნები, რომ "ნორმირებული სამუშაო საათებით ეს ქვეყანა ვერ აშენდება.“ მეთანხმება, მას ჩემზე მეტად უყვარს საქართველო.

3 აპრილი, ხუთშაბათი
დათომ ფეისბუკზე დამასწრო და ჩემს ბავშვობის მეგობარს დაბადების დღე უკვე მიულოცა. მე ჯერ არ დავურეკავ. იუბილარი პარლამენტში იქნება გადარბენებზე, მე კი მისი დამსაქმებლის საბჭო უნდა შევარჩიო.

მიხარია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის მეურვეობის კანდიდტთა დიდი ნაწილი რეგიონებში ე.წ. კორპუნქტების გაძლიერებაზე საუბრობს. იქნებ მართლა დაადგეს საშველი არხსაც - ჰქონდეს მეტი ინფორმაცია რეგიონებიდან და ეშველოს ჩემს მეგობარსაც, რომელიც იუბილის მიუხედავად, მთელ იმერეთსა და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონსაა მოდებული.

მთელი ჩემი დღიური დღესაც პირდაპირ ეთერში გადაიცემა: 6 საათამდე კანდიდატებს ვუსმენთ.

საღამოს კვლავ GARB-ში გავრბივარ, ვცდილობ მოვასწრო ის, რაც დღის განმავლობაში უნდა გამეკეთებინა. ერთი საინტერესო შეხვედრაც მაქვს - ვაპირებთ, ღვინის ფესტივალს საინფორმაცო მხარდაჭერა გავუწიოთ.

"TV MR საქართველოს" ამბავი სასამართლოში კომპანიის სასარგებლოდ სრულდება, როგორც ვფიქრობდი. ფაქტია, არ ერევა ხელისუფლება, მინიმუმ, სასამართლოს საქმეში. იქუხა, არ უწვიმია.

გარეთ დათო იცდის, ჩემს "სამკაულთან“ და რამდენიმე ძაღლთან ერთდ.

ჩვენ, ყველას ქუთაისში გვინდა. აღდგომამდე შორია, რა მოითმენს. თან ამ საღამოს იუბილართან მეგობრები იქნებიან შეკრებილი. ვრეკავ. ასეცაა.

ღამე სახლი მესიზმრება, ქუთაისში. მესიზმრება რომ შინ ვარ, ბინაში, რომელიც მერვე წელია, სხვას ეკუთვნის.

4 აპრილი, პარასკევი
ყველაფერი გაფუჭდა: ვერც ნიუსებს გავაკეთებთ, ვერც გადაცემას. თელასთან ვერაფერს ვაწყობთ - "გეგმიური გათიშვა, თან მთელი დღით.“ მოვთქვამთ და ვვიშვიშებთ.

ვეძებთ ალტერნატივებს. ხვალ "კავკასიის“ გადაცემაა, რომელსაც IREX-ის საერთო პროექტით ვაკეთებთ, კვირის რეგიონული მიმოხილვა და რეპორტაჟი აუცილებლად უნდა დამზადდეს. ნუგზარი და თამარი ღამე მუშაობისთვის მზად არიან. სანდოები.

დღეს კომისიის გადამწყვეტი სხდომაა, პარლმენტს საბოლოო სიას ვუმზადებთ. თითოეულ კანდიდატს დეტალურად განვიხილავთ. ჯერ ღიად ვაფასებთ, შემდეგ ფარული კენჭისყრა გვაქვს. სია 18-კაციანი გამოდის. კომისიის თავმჯდომარე სიას ბარიტონით კითხულობს, ისმის პირველი და მეორე ხმებიც. ჩვენ მოგვწონს, იმედი გვაქვს, რომ მსმენელსაც მოეწონდება. თუმცა ეს კომპოზიცია აშკარად არ არის განკუთვნილი მასობრივი აუდიტორიისთვის. წინაც ასეთი გამოგვივიდა.

უკვე ღამეა. მეგობარი ჩამოვიდა ქუთაისიდან, დათო ბედნიერია, ჩვენც, სტუმარიც, რომელსაც სხვაგანაც აქვს "დასარჩენი“, თან ჩვენთან სივიწროვეა - 23 სული ვართ ბოლოსდაბოლოს. სტუმრიანად უკვე 24. მაინც ერთად ყოფნა გვირჩევნია.

5 აპრილი, შაბათი

"ქალბატონო, აი ჩემი ავტოგრაფი ჩაგიწერე ბლოკნოტში. არ დაკარგო, შენ წინაშე დიდი ფეხბურთლია და მერე ამას მილიონად გაყიდი, ჩემი დახმარება აღარ დაგჭირდება“, - ეს ბაქარია, ფეხბურთზე მიდის. დათოს მიჰყავს. მისთვის ნამდვილი სასჯელია უყუროს ორსაათიან ვარჯიშს. მსოფლიო ჩემპიონატი ეზოში რომ ჩატარდეს, დათო ფანჯრიდანაც არ გადაიხედავს.

მე აღარ ვიცი, ვინ წამიყვანს უნივერსიტეტში. დღეს საინტერესო ლექცია გვაქვს ინტერნეტის თვითრეგულირებაზე, „ნეტიკეტზე“. იმდენად კარგი ჯგუფები მყავს, ვიცი მათგანაც ბევრს ვისწავლი.

მომიწევს ისევ ევროპელ სტუმარს დავურეკო. ისიც უნივერსიტეტში იქნება წასასვლელი. მოწვეული ლექტორია. ამ მოწვევამ დაგვიბრუნა მისი თავი, 16 წლის გერმანიაში ცხოვრების შემდეგ. მომაკითხავს, არ დამზარდება. სხვა ქვეყნის მოქალაქე კია, მაგრამ მაინც ჩემი ძმაა. მოვა და გზად ყველაფერზე მოასწრებს საუბარს, საქართველოს საშინაო პოლიტიკით დაწყებული, საგარეო ამბებით დასრულებული. სალაპარაკო კი ბევრია, რა არ ტრიალებდა კვირის განმავლობაში.

მერე „თავისუფლებაშიც“ თავისუფლად გავალ და ამ ჩანაწერებს თქვენამდე მოვიტან.