სლავიანსკის მერი - ქალაქის საბჭო "რუსმა დივერსანტებმა" დაიკავეს

ქალაქ სლავიანსკის მერმა ნელი შტეპამ სამშაბათს განაცხადა, რომ ქალაქის საბჭო „რუსმა დივერსანტებმა“ დაიკავეს. შტეპას თანახმად, შენობაში შევიდა ის, ვინც თავი მერად გამოაცხადა და მისი მხარდამჭერები. სლავიანსკის მერის მტკიცებით, ისინი არ მალავენ, რომ რუსეთიდან არიან. დონეცკში გამართულ თათბირზე, რომელიც ოლქის გუბერნატორმა სერგეი ტარუტამ ქალაქებისა და რაიონების ხელმძღვანელებთან ერთად ჩაატარა, შტეპამ უარყო ადრე გავრცელებული ინფორმაცია - სლავიანსკის მილიციელების სეპარატისტების მხარეს გადასვლის შესახებ. „ბი-ბი-სის“ ცნობით, უკრაინის უშიშროების სამსახურის დონეცკის საოლქო განყოფილებამ აღძრა სისხლის სამართლის საქმე სლავიანსკის მერ ნელი შტეპას წინააღმდეგ. მას ბრალი ედება „უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფაში“.