რუსეთში ლენინის დადებითი რეიტინგი იზრდება

22 აპრილს, ბოლშევიკთა ლიდერ ვლადიმირ ლენინის დაბადების დღესთან დაკავშირებით „ლევადა ცენტრმა“ გამოაქვეყნა საზოგადოებრივი აზრის გამოკვლევის შედეგები, რომლის თანახმად რუსეთში გამოკითხულთა 51% თვლის, რომ ვლადიმირ ლენინმა რუსეთის ისტორიაზე „მთლიანად დადებითი“ ან „უმეტესწილად დადებითი“ გავლენა იქონია. ლენინის პოზიტიური რეიტინგი რუსეთში 2006 წლიდან იზრდება. 2006 წელს რუსეთში გამოკითხულთა მხოლოდ 29% აფასებდა მას დადებითად. გამოკითხულთა 26% აფასებს ლენინს „სრულიად უარყოფითად“ ან „უმეტესწილად უარყოფითად“. „ლევადა ცენტრის“ მიერ იანვარში ჩატარებული კვლევის თანახმად, რუსეთში გამოკითხულთა 53% ემხრობა ლენინის გვამის დასდაფლავებას.