გაერომ სანქციები დაუწესა "ბოკო ჰარამს"

გაეროს უშიშროების საბჭომ მხარი დაუჭირა სანქციებს ნიგერიაში მოქმედი გასამხედროებული დაჯგუფების - „ბოკო ჰარამის“ წინააღმდეგ. ხუთი კვირის წინ „ბოკო ჰარამის“ წევრებმა 200-ზე მეტი სკოლის მოსწავლე გოგო გაიტაცეს. გაეროს უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებით, „ბოკო ჰარამი“ დაემატა „ალ-ყაიდასთან“ დაკავშირებული ორგანიზაციების სიას და მის წინააღმდეგ დაწესდა იარაღზე ემბარგო და საკუთრების დაყადაღება. აშშ-ის წარმომადგენელი გაეროში - სიუზან პაუერი თვლის, რომ გაერომ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა „ბოკო ჰარამის“ დამარცხებისკენ. „ბოკო ჰარამი“, რომლის მოქმედებებსაც 2009 წლის შემდეგ ათასობით ადამიანი ემსხვერპლა, ნიგერიაში მთავრობის შეცვლისა და ისლამური სახელმწიფოს შექმნისთვის იბრძვის.