უკრაინა რუსეთს ადანაშაულებს საზღვართან ჯარების თავმოყრაში

კიევი რუსეთს ადანაშაულებს უკრაინის საზღვართან შეიარაღებული ძალების თავმოყრაში და აცხადებს, რომ სეპარატისტები, რომლებსაც რუსი „დაქირავებული მებრძოლები“ ეხმარებიან, უკრაინელ მესაზღვრეებს ესვრიან და უკრაინის ტერიტორიაზე ჯავშანტრანსპორტიორების შეყვანას ცდილობენ. უკრაინის ეროვნული უშიშროების საბჭოს პრესმდივანმა, ანდრეი ლისენკომ უთხრა ჟურნალისტებს, რომ შეტაკებები დღეს დილას მოხდა დიაკოვოს სასაზღვრო ნაგებობებთან. ამასობაში, უკრაინამ გაავრცელა ცნობა, რომ მისმა ჯარებმა ბოლო მოუღეს ბლოკადას, რომელიც მეამბოხეებს ჰქონდათ მოწყობილი ქალაქ ლუგანსკის აეროპორტისათვის. უკრაინელი სამხედროების ცნობით, საჰაერო დარტყმებს მძიმე დანაკარგი მოჰყვა რუსეთის მომხრე სეპარატისტების რიგებში. ამავე წყაროს ცნობით, დანაკარგია დაჯავშნულ ბადრაგშიც, რომელიც უკრაინაში რუსეთის ტერიტორიიდან შევიდა.