პუტინის აზრით, აშშ-ის სანქციები თავად ვაშინგტონს დააზარალებს

სანქციების შესახებ ვაშინგტონის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, რომელიც ვიზიტად იმყოფება ბრაზილიაში: „რუსეთის საწინააღმდეგო სანქციებს ბუმერანგის ეფექტი აქვს და, ეჭვგარეშეა, ჩიხში შეიყვანს რუსეთისა და აშშ-ის ურთიერთობას. სანქციები სერიოზულ ზიანს მოიტანს და, დარწმუნებული ვარ, დააზარალებს თავად შეერთებული შტატების მთავრობისა და ამერიკელი ხალხის გრძელვადიან ეროვნულსა და სტრატეგიულ ინტერესებს“, - განაცხადა პუტინმა. რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ თავდაპირველად აუცილებელია მშვიდ ვითარებაში გაირკვეს, კონკრეტულად რა სანქციებზეა საუბარი, თუმცა დასძინა, რომ ბოლო წლებში ვაშინგტონი საკმაოდ აგრესიულსა და არაპროფესიონალურ საგარეო პოლიტიკას აწარმოებს.