ღაზაში საავადმყოფოც დაიბომბა ისრაელის იერიშისას

ღაზის სექტორში 21 ივლისს საავამდყოფო დაიბომბა ისრაელის საარტილერიო იერიშისას. დაიღუპა, სულ ცოტა, ოთხი ადამიანი. პალესტინელების ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, აშრაფ ალ-კიდრას ცნობით, 12 ჭურვი მოხვდა ალ-აყსას წამებულთა სახელობის საავადმყოფოს ადმინისტრაციულ შენობას, სარეანიმაციო განყოფილებას და ქირურგიულ განყოფილებას. ამავე წყაროს მონაცემებით, დაშავდა 60-მდე ადამიანი, რომელთა ნახევარსაც სამედიცინო პერსონალი შეადგენს. დღეს უფრო ადრე, ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ პალესტინელებს შორის 500-ს გადააჭარბა ბოლო ორი კვირის განმავლობაში დაღუპულთა რიცხვმა. მათგან 268-ის სიცოცხლე შეიწირა ღაზის სექტორში ისრაელის სახმელეთო ოპერაციამ, რომელიც 17 ივლისს დაიწყო. ამასობაში, ისრაელის სამხედრო ძალები განაგრძობენ იერიშს. როგორც იუწყებიან, ისრაელმა 20-მდე ადამიანი დაკარგა, მათ შორის ჯარისკაცები და სამოქალაქო პირები.