დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა დაიწყეს ერაყში ადგილნაცვალ პირთათვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება

დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა 10 აგვისტოს დაიწყეს ერაყში ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება ათასობით ლტოლვილისთვის, რომლებიც დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებს ალყაში ჰყავთ მოქცეული. საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ლორან ფაბიუსი კვირას ბაღდადში ჩავიდა დახმარების განაწილების დასაჩქარებლად ჩრდილოეთ ერაყში, სადაც ათიათასობით ადამიანი, რომელთაგან ბევრი იეზიდთა რელიგიურ უმცირესობას განეკუთვნება, მთებს აფარებს თავს „ისლამური სახელმწიფოსგან“ თავის დასაღწევად. ბრიტანეთის ორმა თვითმფრინავმა ჰაერიდან დაიწყო ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება დაზარალებულთათვის. იეზიდებს ჰაერიდან აწვდის სურსათს და წყალს შეერთებული შტატებიც. აშშ-მა ასევე საჰაერო იერიშები განახორციელა ისლამისტების წინააღმდეგ, რომლებიც 20 კილომეტრით მიუახლოვდნენ ქურთების ავტონომიური რეგიონის დედაქალაქ ირბილს.