ავღანეთში 21 სექტემბერს გამოაცხადებენ საპრეზიდენტო არჩევნების საბოლოო შედეგს

ავღანეთის დამოუკიდებელი საარჩევნო კომისია 21 სექტემბერს გამოაცხადებს სადავო საპრეზიდენტო არჩევნების საბოლოო შედეგს, გაყალბებული ბიულეტენების დათვლის რამდენიმეკვირიანი პროცესის შემდეგ. არჩევნების საბოლოო შედეგის გამოცხადების თარიღი დღეს დაასახელა საარჩევნო კომისიის პრესმდივანმა, მუჰამად ნურიმ. ამასობაში, პრეზიდენტობის კანდიდატები აშრაფ ღანი და აბდულა აბდულა განაგრძობენ მოლაპარაკებას შეერთებული შტატების შუამავლობით მომზადებულ შეთანხმებაზე, რომელიც ითვალისწინებს მათ შორის უფლებამოსილების განაწილებას. პრეზიდენტობის კანდიდატების მოლაპარაკება რამდენიმე კვირაა გრძელდება. საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური აპრილში, მეორე კი ივნისში ჩატარდა, მაგრამ ვერ დადგინდა გამარჯვებულის ვინაობა.