სახელმწიფო დეპარტამენტმა ტერორისტთა „შავ სიაში“ მურად მარგოშვილი შეიყვანა

აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს მსგავსად „საერთაშორისო ტერორისტთა“ 10 კაციანი სია გამოაქვეყნა სახელმწიფო დეპარტამენტმა, რომელმაც სირიაში მოქმედ განსაკუთრებულ საშიშ ექსტრემისტ ლიდერთა შორის საქართველოს მოქალაქე, პანკისელი მურად მარგოშვილი შეიყვანა. ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ 11 კაციან სიაში კი ფიგურირებს პანკისის ხეობის მკვიდრი თარხან ბათირაშვილი, იგივე ომარ ალ შიშანი. აშშ-ი მათ მიაკუთვნებს იმ „განსაკუთრებული მნიშვნელობის საერთაშორისო ტერორისტებს“, რომლებიც თანამშრომლობენ, მონაწილეობენ და ფინანსურად და მატერიალურად აძლიერებენ სირიაში მებრძოლ ექსტრემისტულ ორგანიზაციებს. მურად მარგოშვილს სახელმწიფო დეპარტამენტი უწოდებს სარიაში მოქმედ ჩეჩენთა ლიდერს, რომელმაც თურქეთის საზღვართან ექსტრემისტთა საწვრთნელი ცენტრი დაარსა. თარხან ბათირაშვილი 2005-2009 წლებში საქართველოს არმიის უმცროსი ოფიცერი იყო, რომელმაც „ისლამურ სახელმწიფოში“ მაღალ სამხედრო თანამდებობას მიაღწია და ბოლო წლების განმავლობაში, ჩეჩნებისა და სხვა კავკასიელებისგან შემდგარი რაზმით, რამდენიმე მსხვილ სამხედრო ოპერაციასაც უხელმძღვანელა.