უკრაინა სეპარატისტებს ადანაშაულებს ზავის მორიგ დარღვევაში

უკრაინელი სამხედროები სეპარატისტებს ადანაშაულებენ ერთი თვის წინ ხელმოწერილი ზავის მორიგ დარღვევაში. უკრაინის სამხედრო წარმომადგენელმა, ვლადიმირ პოლიოვიმ დღეს კიევში განაცხადა, რომ განვლილი დღე-ღამის განმავლობაში უკრაინის შეიარაღებული ძალების ორი წევრი დაიღუპა აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტების რამდენიმე იერიშის შედეგად. ამ იერიშებიდან ერთ-ერთი მიმართულია დონეცკის აეროპორტის ასაღებად. ხოლო საკუთრივ ქალაქ დონეცკში, სადაც სტრატეგიული მნიშვნელობის შენობებს სეპარატისტები აკონტროლებენ, მეამბოხეების მაღალი რანგის წარმომადგენელმა, ედუარდ ბაზულინმა თქვა, რომ სამი სეპარატისტი მებრძოლი იქნა მოკლული განვლილი დღე-ღამის განმავლობაში. რუსეთის მხარდაჭერით მოქმედი სეპარატისტები უკვე კვირებია, ცდილობენ დაიპყრონ აეროპორტი, რომელსაც კვლავაც მთავრობის ჯარები აკონტროლებენ.