აღმოსავლეთ უკრაინაში მსხვერპლია სამხედრო და სამოქალაქო პირებს შორის

აღმოსავლეთ უკრაინაში განვლილი დღის განმავლობაში დაიღუპა ხუთი და დაიჭრა 28 ჯარისკაცი. უკრაინელი სამხედროების მონაცემებით, ბოლო მსხვერპლის შედეგად 956-მდე გაიზარდა რუსეთის მომხრე სეპარატისტებსა და უკრაინელ ჯარისკაცებს შორის ბრძოლის შედეგად დაღუპული უკრაინელი სამხედროების რიცხვი. შეიარაღებული დაპირისპირება წელს, აპრილში დაიწყო. ამასობაში, ლუგანსკსა და დონეცკში სეპარატისტების წარმომადგენლებმა გაავრცელეს ინფორმაცია ბოლოდროინდელი ბრძოლების შედეგად შვიდი სამოქალაქო პირის დაღუპვის შესახებ. შეტაკებები გრძელდება 5 სექტემბერს ხელმოწერილი ზავის მიუხედავად. 7 ოქტომბერს გავრცელდა ასევე ბერლინის განცხადება, რომ პოლონეთიდან უკრაინის ტერიტორიაზე გადავიდა ჰუმანიტარული დახმარების კოლონა - 112 სატვირთო მანქანა, რომელიც გერმანიამ გააგზავნა უკრაინაში.