ავღანეთ-პაკისტანის საზღვართან აშშ-ის უპილოტო თვითმფრინავმა დარტყმა განახორციელა

ოთხი სავარაუდო მეამბოხე მოკლა და არაერთი სხვა დაჭრა აშშ-ის უპილოტო თვითმფრინავმა, რომელმაც დარტყმა მიაყენა შეიარაღებულ მეამბოხეთა ადგილსამყოფელს სოფელ კანჩარო კანდოაში. სოფელი ნანგარჰარის პროვინციაშია. გასულ კვირას ასეთი დარტყმების შედეგად 20-მდე სავარაუდო მეამბოხე დაიხოცა პაკისტანის ტერიტორიაზე, ჩრდილოეთ ვაზირისტანში. პაკისტანის ჯარმა ამ არეალში თვითონ წამოიწყო სამხედრო ოპერაცია თალიბებისგან არეალის გასაწმენდად. ისლამაბადი პროტესტს აცხადებს აშშ-ის უპილოტო თვითმფრინავების იქ მოქმედების მიმართ, რაც, მისი აზრით, ტერიტორიული სუვერენიტეტის დარღვევაა და თანაც, ანტიპროდუქტიულია ტერორიზმთან ბრძოლაში.