ერაყმა რამადიში კომენდანტის საათი აამოქმედა ექსტრემისტების შესაჩერებლად

ერაყის მთავრობამ კომენდანტის საათი აამოქმედა დასავლეთის ქალაქ რამადიში, რითიც ცდილობს შეაჩეროს „ისლამური სახელმწიფოს“ ექსტრემისტთა წინსვლა. ანბარის პროვინციის საბჭოს ხელმძღვანელმა, საბაჰ კარჰუთმა განაცხადა, რომ კომენდანტის საათი შუაღამით ამოქმედდა. სუნიტმა ექსტრემისტმა მებრძოლებმა ბოლო დღეებში გააძლიერეს რამადიზე შეტევა, მიუხედავად აშშ-ის ხელმძღვანელობთ მოქმედი კოალიციის მიერ წარმოებული საჰაერო თავდასხმებისა. კომენდანტის საათის ამოქმედება მოჰყვა ერაყის სადაზვერვო სტრუქტურებში შესულ ინფორმაციას, რომ ექსტრემისტები აპირებდნენ რამადიში მიზანში ამოეღოთ უსაფრთხოების ძალები და სამოქალაქო პირები. რამადი ბაღდადიდან დასავლეთით, დაახლოებით 100 კილომეტრში მდებარეობს. სამხედრო ოპერაცია მიმდინარეობს ბაღდადიდან ჩრდილოეთით, თიქრითთან ახლოს. ოპერაციის მიზანია იმ ტერიტორიიდან „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლთა განდევნა. ერაყის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ქვეყნის არმიას მნიშვნელოვნად უმაგრებს ზურგს კოალიციის ძალების საჰაერო დარტყმები.