ცნობების თანახმად, რუსეთმა შეერთებულ შტატებს შეატყობინა, რომ არ დაესწრება მორიგ შეხვედრას ბირთვული უსაფრთხოების სამიტების სერიიდან, რომელიც პრეზიდენტ ბარაკ ობამას საგარეო პოლიტიკური პროგრამის მნიშვნელოვანი ნაწილია. საინფორმაციო სააგენტო „ასოშიეიტიდ პრესი“ 3 ნოემბერს იუწყებოდა, რომ რუსეთის წარმომადგენლები ვაშინგტონში არ დასწრებიან წინასწარ შეხვედრას, 2016 წლის სამიტის მოსამზადებლად. ხოლო 4 ნოემბერს „ასოშიეიტიდ პრესმა“ ორი ანონიმი დიპლომატის განცხადებაზე დაყრდნობით გაავრცელა ცნობა, რომ რუსეთი ბოიკოტს უცხადებს 2016 წლის სამიტსაც. რუსეთი ესწრებოდა ბირთვული უსაფრთხოების საკითხისადმი მიძღვნილ წინა სამივე სამიტს - 2010, 2012 და 2014 წლებში. ერთ-ერთი დიპლომატის განმარტებით, მოსკოვს უკვე ჰქონდა შენიშვნები წელს, ჰააგის სამიტში მონაწილეობისას და „შევცვლილმა პოლიტიკურმა ატმოსფერომ“ გავლენა მოახდინა კრემლის გადაწყვეტილებაზე, უარი ეთქვა შემდეგ სამიტში მონაწილეობაზე.