ეუთო აცხადებს, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში მატულობს კონფლიქტის ესკალაციის საფრთხე. კიევში 11 ნოემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე ეუთოს სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენელმა, მაიკლ ბოციურკოვმა განაცხადა, რომ უკრაინასა და პრო-რუსულად განწყობილ სეპარატისტებს შორის ორ თვეზე მეტია, რაც გაფორმდა საზავო შეთანხმება, მაგრამ „სროლა არ შეწყვეტილა.“ არის შეშფოთება, რომ პრო-რუსულად განწყობილი მეამბოხეები შესაძლოა აღმოსავლეთ უკრაინაში ახალი შეტევისთვის ემზადებოდნენ, 5 სექტემბერს გაფორმებული საზავო შეთანხმების მიუხედავად. ასეთ ფონზე, გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა 5 ნოემბერს კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნები აპირებენ მოგზაურობის აკრძალვის სიაში ჩართონ აღმოსავლეთ უკრაინაში ახლადარჩეული სეპარატისტი ლიდერები. თუმცა, როგორც მერკელმა ბერლინში თქვა, ევროკავშირი არ გეგმავს რუსეთისთვის ახალი სანქციების დაწესებას.