საქართველოს სამთავრობო დელეგაცია ორდღიანი სამუშაო ვიზიტით იმყოფება ყაზახეთში

საქართველოს სამთავრობო დელეგაცია ორდღიანი სამუშაო ვიზიტით იმყოფება ასტანაში. ყაზახეთის დედაქალაქში ყაზახეთის პრეზიდენტის, ნურსულთან ნაზარბაევის და საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის პირისპირ შეხვედრის შემდეგ ორი ქვეყნის სამთავრობო დელეგაციები გაფართოებული შემადგენლობით გამართავენ მოლაპარაკებას. ასტანაში ვიზიტისას პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პირისპირ შეხვდება ყაზახ კოლეგას ქარიმ მასიმოვსაც. საქართველოს სამთავრობო დელეგაციის შემადგენლობაში არიან ეკონომიკის, ენერგეტიკის, ფინანსთა და სოფლის მეურნეობის მინისტრები: გიორგი კვირიკაშვილი, კახა კალაძე, ნოდარ ხადური და ოთარ დანელია. ეკონომიკის მინისტრის, ვიცე-პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ყაზახეთს საქართველოში დიდი ინვესტიციებით შემოსვლის სურვილი აქვს და საამისოდ ქართულმა მხარემ ყველა პირობა უნდა შექმნას. ვიცე-პრემიერის ინფორმაციით, ასტანაში ვიზიტისას მხარეები განიხილავენ კომპანია "ყაზტრანსგაზის," ბათუმის პორტის და სატრანსპორტო დერეფნის განვითარების და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს. საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის, ვიცე-პრემიერ კახა კალაძის განცხადებით კი, უკვე გადაწყვეტილია, რომ თბილისის გაზგამანაწილებელ კომპანია „ყაზტრანსგაზში“ ყაზახური მენეჯმენტი დაბრუნდება.