აღმოსავლეთ უკრაინაში ეუთოს მეთვალყურეების ცნობით, მთავრობის ჯარებმა და რუსეთის მომხრე სეპარატისტებმა მიაღწიეს წინასწარ შეთანხმებას ლუგანსკის ოლქში ზავის შესახებ. განცხადებით, რომელიც წუხელ გამოაქვეყნა ეუთომ, გეგმა ითვალისწინებს ზავის 6 დეკემბერს ამოქმედებას. აღმოსავლეთ უკრაინაში უკრაინის მთავრობის ჯარებსა და რუსეთის მომხრე სეპარატისტებს შორის კონფლიქტმა, აპრილიდან მოყოლებული, 4300-ზე მეტი ადამიანი შეიწირა. 1 დეკემბერს უკრაინელმა სამხედროებმა განაცხადეს, რომ სეპარატისტების წარმომადგენლებს შეუთანხმდნენ დროებით ზავზე დონეცკის აეროპორტთან, რომლისთვისაც მძიმე ბრძოლები მიმდინარეობდა. ცნობების თანახმად, სროლა 2 დეკემბერსაც გრძელდებოდა.