ევროკავშირი: „სამხრეთის ნაკადზე“ რუსეთის უარი ცხადჰყოფს დივერსიფიკაციის აუცილებლობას

ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ კრისტალინა გეორგიევას აზრით, რუსეთის მოულოდნელი უარი ბუნებრივი აირის საექსპორტო „სამხრეთის ნაკადის“ პროექტის განხორციელებაზე ცხადჰყოფს, რომ საჭიროა ევროკავშირმა იზრუნოს ენერგომომარაგების დივერსიფიკაციაზე. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 1 დეკემბერს თურქეთში ვიზიტისას თქვა, რომ რუსეთი წყვეტს მუშაობას „სამხრეთის ნაკადზე“ - მრავალმილიარდიან პროექტზე, რომლითაც გათვალისწინებული იყო გაზის ექსპორტი შავის ზღვის გავლით ბულგარეთში და იქიდან ევროკავშირის სხვა ქვეყნებში - უკრაინისათვის გვერდის ავლით. გეორგიევას განცხადებით, ევროკავშირი გააანალიზებს ამ გადაწყვეტილების შედეგებს და იმსჯელებს იმაზე, თუ როგორ დაჩქარდეს ევროკავშირის წევრებს შორის ურთიერთკავშირის დამყარება.