საყდრისის ოქროს საბადოზე დღეს ორი აფეთქება მოაწყვეს

კომპანია „RMG GOLD”-მა N1 სალიცენზიო უბანზე სამუშაოები განაახლა. რადიო თავისუფლებას საყდრისი-ყაჩაღიანის დაცვის კომიტეტის წევრმა, დავით გულბანმა, რომელიც პროცესს ადგილზე შეესწრო, შემდეგი უთხრა: „დილით იყო ორი ძლიერი აფეთქება, სავარაუდოდ მოხდა ობიექტის დაზიანება, ჩამონგრევა, ასე ვთქვათ და ახლა ზემოდან ჰყავთ ტექნიკა შეყენებული და ანგრევენ“. გულბანის თქმით, მისი და მისი ჯგუფის წევრები ობიექტის ტერიტორიაზე არ შეუშვეს. სამუშაოების განახლების საფუძველი გახდა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრისა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის შესაბამისი ბრძანებები. ექსპერტების თანახმად, საქართველოს კანონით, მინისტრის ბრძანება ვერ წონის სასამართლოს გადაწყვეტილებას. ორგანიზაცია აღმოსავლეთ პარტნიორობის კულტურისა და ხელოვნების საბჭოს წევრმა, სოფია კილასონიამ, რადიო თავისუფლებას განუმარტა, რომ „სასამართლოს შუამდგომლობით „RMG GOLD”-ს ეკრძალება ამ ძეგლთან შეხება, არამც თუ აფეთქება და ბულდოზერები“.