შვედეთმა და დანიამ გააპროტესტეს რუსეთის სადაზვერვო თვითმფრინავის მანევრი

შვედეთმა და დანიამ ამ ქვეყნებში რუსეთის ელჩები დაიბარეს 12 დეკემბრის ინციდენტის გასაპროტესტებლად. შვედეთის თავდაცვის ძალების განცხადებით, ქალაქ მალმოს სამხრეთით მომხდარი ინციდენტისას, ერთმანეთს სახიფათოდ მიუახლოვდნენ რუსეთის სადაზვერვო თვითმფრინავი და „სკანდინავიის ავიახაზების“ სამგზავრო თვითმფრინავი, რომელიც კოპენჰაგენიდან პოლონეთში მიფრინავდა. შვედეთის ინფორმაციით, რუსეთის სადაზვერვო თვითმფრინავი ცხრა კილომეტრითაც არ იყო დაშორებული სამგზავრო თვითმფრინავისაგან, თან გამორთული ჰქონდა ტრანსპონდერი, რაც მას უხილავს ხდიდა კომერციული ავიალაინერისათვის. ინციდენტის გამო ჰაერში აიჭრნენ შვედეთისა და დანიის საბრძოლო თვითმფრინავები. დანია ნატოს წევრია, განსხვავებით შვედეთისაგან. რუსეთის სამხედრო წარმომადგენელმა უარყო ცნობა ორი თვითმფრინავის სახიფათო მანძილზე ყოფნის შესახებ.