ტელეკომპანია "მაესტრო" დატოვა 20-მდე ჟურნალისტმა, მათ შორის ნინო ჟიჟილაშვილმა

ტელეკომპანია „მაესტრო“ ოცამდე ჟურნალისტმა დატოვა. მათ შორის არის ტელევიზიის დირექტორის მოადგილე, საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნინო ჟიჟილაშვილი, რომელიც თანამდებობიდან გაათავისუფლეს. "მაესტრო" დატოვა სატირულ პროგრამა "ყოველდღიური აბების" წამყვანმა, ვასიკო ოდიშვილმაც. "მაესტროს" თანამშრომლების ინფორმაციით, მათ ხელმძღვანელობამ 21 დეკემბერს გამართულ თათბირზე განუცხადა, რომ იგეგმება არხზე ჟურნალისტ კოკა ყანდიაშვილის მისვლა. მთავარი პროდიუსერის სოფო ზურაბიანის განმარტებით, ის ტელეკომპანიაში უკვე განვითარებული და მოსალოდნელი პროცესების გამო ტოვებს არხს: „გაკეთდა განცხადება იმის თაობაზე, რომ არხი უნდა გახდეს იდეოლოგიზირებული და საუბარია რაღაც პრო-ქართულ იდეოლოგიაზე. მე არ ვიცი, რას ნიშნავს პრო-ქართული იდეოლოგია იმიტომ, რომ „მაესტროს“ საინფორმაციო სამსახური ისედაც იყო საზოგადოების სამსახურში და აშუქებდა ყველა მნიშვნელოვან მოვლენას, რაც იყო აქტუალური, აშუქებდა მიუკერძოებლად, ობიექტურად და მე ვფიქრობ, რომ ეს არის პრო-ქართული საქმე“, - უთხრა ჩვენს რადიოს სოფო ზურაბიანმა.