საფრანგეთი აგზავნის ავიამზიდს „ისლამურ სახელმწიფოსთან“ საბრძოლველად

საფრანგეთის პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდის განცხადებით, მისი ქვეყანა ავიამზიდს აგზავნის ერაყში, ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციების გასააქტიურებლად. ოლანდმა ხმელთაშუა ზღვაში ავიამზიდ "შარლ დე გოლზე" ვიზიტისას თქვა, რომ ხომალდი ითანამშრომლებს აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედ კოალიციასთან, რომელიც ებრძვის „ისლამურ სახელმწიფოს“ ერაყსა და სირიაში. საფრანგეთი ახლაც ახორციელებს სამხედრო ოპერაციებს - კერძოდ, საჰაერო დარტყმებს ერაყში ისლამისტი ექსტრემისტების წინააღმდეგ. მაგრმ პარიზში გასული კვირის ტერაქტების შემდეგ, ოლანდის აზრით, ვითარება „ამართლებს რეგიონში ავიამზიდის ყოფნას“. ამასთან ოლანდმა გამოთქვა სინანული იმის გამო, რომ "საერთაშორისო თანამეგობრობამ საჭირო დროს არ იმოქმედა სირიაში სისხლისღვრის შესაჩერებლად" და ექსტრემისტების პოზიციების გაძლიერების თავიდან ასაცილებლად. ოლანდმა ეს განცხადებები გააკეთა იმავე დღეს, როცა ალ-ყაიდის იემენში მოქმედმა მებრძოლებმა იკისრეს პასუხისმგებლობა ფრანგულ სატირულ ჟურნალ „შარლი ებდოზე“ 7 იანვარს მოწყობილი თავდასხმისათვის. იუწყებიან ასევე, რომ უცებ გაიყიდა „შარლი ებდოს“ ბოლო გამოშვება, რომელიც სამმილიონიანი ტირაჟით დაიბეჭდა.