უკრაინის პრეზიდენტმა 15 იანვარი გლოვის დღედ გამოაცხადა

უკრაინაში 15 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა ავტობუსის აფეთქებისას 12 სამოქალაქო პირის დაღუპვის შემდეგ. პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ 14 იანვარს კიევში, რეგიონების გუბერნატორებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ გლოვის დღით პატივს მიაგებენ ყველა იმ ადამიანის ხსოვნას, ვინც დაიღუპა ტერორისტების ქმედების შედეგად და, უწინარეს ყოვლისა, 12 სამოქალაქო პირს, რომელიც მოკლეს დონეცკის ოლქში, ქალაქ ვოლნოვახის მახლობლად მდებარე სამხედრო ბლოკ-პოსტთან. უკრაინის არმიის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა 13 იანვარს განაცხადეს, რომ რუსეთის მომხრე სეპარატისტების მიერ „გრადის“ ტიპის მოწყობილობიდან გასროლილი რაკეტები მოხვდა ავტობუსს, რის შედეგადაც 12 მგზავრი დაიღუპა. სეპარატისტები ბრალდებას უარყოფენ. თავდასხმა დაგმო გაეროს უშიშროების საბჭომ.