ცხინვალი და მოსკოვი ერთიან თავდაცვის სივრცეს შექმნიან

თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო პრეზიდენტის ლეონიდ თიბილოვის განცხადებით, ოსურმა მხარემ რუსეთს მეკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ შეთანხმების პროექტი გაუგზავნა. "რუსეთისა და სამხრეთ ოსეთის ერთობლივმა სამუშაო ჯგუფმა დაასრულა მუშაობა შეთანხმების პროექტზე და შეთანხმებული დოკუმენტი ოფიციალურად გაეგზავნა მოსკოვს", - აღნიშნა ლეონიდ თიბილოვმა. რუსეთსა და სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთს შორის მეკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ შეთანხმების პროექტი 15 მუხლისგან შედგება. როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, შეთანხმება ითვალისწინებს ერთიანი თავდაცვითი და უსაფრთხოების სივრცის შექმნას, ასევე რუსეთ-სამხრეთ ოსეთის საზღვარზე სასაზღვრო-გამშვები პუნქტების გაუქმებას. დოკუმენტის თანახმად, თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის შეიარაღებული ძალების ცალკეული ქვედანაყოფები და უსაფრთხოების ორგანოები რუსეთის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში შევა.