მინსკში ჩავიდნენ უკრაინის, გერმანიისა და საფრანგეთის ლიდერები

უკრაინის, გერმანიისა და საფრანგეთი ლიდერები მინსკში ჩავიდნენ, აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის შესახებ სამიტში მონაწილეობის მისაღებად. პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო, კანცლერი ანგელა მერკელი და პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი მინსკში ჩაფრინდნენ იქ სამიტის კიდევ ერთი მონაწილის, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ჩასვლამდე. საფრანგეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ლორან ფაბიუსმა სამიტს უწოდა „ბოლო შანსი მოლაპარაკებისათვის“ კონფლიქტის შესაჩერებლად. სამიტზე გარღვევის მიღწევის პერსპექტივა საეჭვოა აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური ბრძოლების და ურთიერთსაწინაამდეგო ინტერესების ფონზე. შარშანდელი აპრილიდან მოყოლებული, კონფლიქტმა აღმოსავლეთ უკრაინაში 5350-ზე მეტი ადამიანი შეიწირა და ცივი ომის შემდეგ ყველაზე მწვავე დაძაბულობამდე მიყვანა დასავლეთთან მოსკოვის ურთიერთობა. გერმანიის კანცლერის პრესმდივნის, შტეფენ ზაიბერტის სიტყვებით, ეს შეხვედრა მხოლოდდამხოლოდ "იმედის ნაპერწკალია", სხვა არაფერი.