ევროზონის ფინანსთა მინისტრებმა მხარი დაუჭირეს საბერძნეთის მიერ შეთავაზებულ რეფორმების სიას

ევროზონის ფინანსთა მინისტრებმა მხარი დაუჭირეს საბერძნეთის მიერ შეთავაზებულ რეფორმების სიას, რომელიც მთავრობას საშუალებას მისცემს, ოთხი თვით გააგრძელოს 240 მილიარდი ევროს მოცულობის დაფინანსების საგანგებო პროგრამა. პროგრამის გაგრძელების შესახებ 24 თებერვალს მიღებული გადაწყვეტილების რატიფიცირება ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტებში უახლოეს დღეებში უნდა მოახდინონ. ევროკომისიამ და ევროპის ცენტრალურმა ბანკმა განაცხადეს, რომ საბერძნეთის წინადადებები „მისაღები ათვლის წერტილი“ იყო. თუმცა, საერთაშორისო სავალუტო ფონდის თანახმად, საბერძნეთს საკვანძო საკითხებში „მკაფიო გარანტიები“ აკლდა. ევროკომისია, ევროპის ცენტრალური ბანკი და საერთაშორისო სავალუტო ფონდი, ანუ საერთაშორისო „ტროიკა“, ის ორგანიზაციებია, რომელთა ხელმძღვანელობითაც ხორციელდება საბერძნეთის საგანგებო დახმარების პროგრამა. საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის, ალექსის ციპრასის, მთავარი საარჩევნო დაპირება მკაცრი მომჭირნეობის პოლიტიკის შეჩერება იყო, მაგრამ გერმანიის მთავრობა მხოლოდ იმ შემთხვევაში არის თანახმა, საბერძნეთს დაეხმაროს, თუ ეს უკანასკნელი ბიუჯეტის დეფიციტს შეამცირებს. დაფინანსების საგანგებო პროგრამის შეწყვეტის შემთხვევაში დიდი შანსია, საბერძნეთს ევროზონის დატოვება მოუწიოს.