დღეს არ შედგება პრეზიდენტისა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრების შეხვედრა

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის და საპარლამენტო უმრავლესობის წევრების დღევანდელი შეხვედრა არ შედგება. პარლამენტის ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, „პრეზიდენტის და საპარლამენტო უმრავლესობის ფრაქციათა ხელმძღვანელების შეხვედრა აფხაზეთისა და სამაჩაბლოს პრობლემებთან დაკავშირებით, მხარეების ურთიერთშეთანხმებით გადაიდო." შეხვედრის გადადების მიზეზი დასახელებული არ არის. ამასთან, უმრავლესობის წევრი ფრაქციის, „მრეწველების“ თავმჯდომარემ გოგი თოფაძემ სააგენტო “ინტერპრესნიუსს” მიზეზად დაუსახელა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მიერ პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევა. "უმრავლესობის მხრიდან იყო მოსაზრება, რომ რიგგარეშე სხდომა არ გამართულიყო, თუმცა პრეზიდენტმა დანიშნა და ამის გამო ჩვენ თავს ვიკავებთ შეხვედრისგან", - განაცხადა გოგი თოფაძემ. დღესვე საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა თინათინ მჟავანაძემ ჟურნალისტებს აცნობა, რომ გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის დავით საგანელიძის თხოვნით გადაიდო. მიზეზი თინათინ მჟავანაძისთვის უცნობია. მისი ვარაუდით, პრეზიდენტის და უმრავლესობის შეხვედრა რამდენიმე ხნის შემდეგ გაიმართება.