ლიტვაში საბჭოთა უშიშროების ყოფილი თანამშრომელი გაასამართლეს

კაუნასის საოლქო სასამართლომ 84 წლის სტანისლოვას დრელინგასი დამნაშავედ სცნო გენოციდში მონაწილეობაში და მას 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „ინტერფაქსის“ ცნობით, სტანისლოვას დრელინგასს ბრალად ედება 1956 წელს ლიტველი პარტიზანების მეთაურ ადოლფას რამანაუსკას-ვანაგასის შეპყრობის ოპერაციაში მონაწილეობა. პარტიზანების მეთაური ვილნიუსში „კა-გე-ბეს“ ციხეში ჩასვეს და იქ ერთი წელი სასტიკი ფიზიკური და ფსიქოლოგიური წამების ქვეშ გაატარა, შემდეგ კი დახვრიტეს. ლიტველი პარტიზანები 1940 წლიდან ებრძოდნენ საბჭოთა ხელისუფლებას ლიტვის დამოუკიდებლობის აღსადგენად. სტალინის რეჟიმის დროს 20 ათასზე მეტი პარტიზანი, მათი ოჯახის წევრები და მომხრეები დახოცეს.