საფრანგეთის ალპებში კომპანია „ჯერმანუინგზის“ თვითმფრინავის კატასტროფას 150 ადამიანი ემსხვერპლა

დღეს საფრანგეთის ალპებში ჩამოვარდა კომპანია „ჯერმანუინგზის“ თვითმფრინავი აერობუსი A320. თვითმფრინავი ბარსელონიდან დიუსელდორფში მიფრინავდა. წინასწარი მონაცემებით, მასში 144 მგზავრი და ეკიპაჟის 6 წევრი იმყოფებოდნენ. საფრანგეთის ხელისუფლების თანახმად, როგორც ჩანს, არავინ გადარჩენილა. თვითმფრინავის ნამსხვრევები აღმოჩენილია. ტრაგედიის ადგილზე გაგზავნილია სამძებრო-სამაშველო ჯგუფები. საფრანგეთის ტრანსპორტის სამინისტროს ინფორმაციით, თვითმფრინავიდან განგაშის სიგნალი იქნა მიღებული. ქვეყნის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა აღნიშნა, რომ კატასტროფის ადგილი ძნელად მისადგომად ითვლება. „ჯერმანუინგზი“ იაფი ავიაკომპანიაა, რომელიც „ლუფტჰანზასთან“ არის დაკავშირებული.