ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები იმსჯელებენ უკანონო მიგრაციის პრობლემაზე

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 20 აპრილს ლუქსემბურგში შეიკრიბებიან და იმსჯელებენ უკანონო მიგრაციის პრობლემაზე. ამ შეხვედრის გამართვა გადაწყდა ხმელთაშუა ზღვაში მიგრანტების გემის ჩაძირვის შემდეგ. ტრაგიკულ ინციდენტს რამდენიმე ასეული ადამიანი ემსხვერპლა. 20 მეტრიანი თევზსაჭერი გემი ლიბიის სანაპიროდან დაახლოებით 100 კილომეტრში ჩაიძირა. ევროკავშირისგან მოითხოვენ მეტი გააკეთოს მსგავსი ტრაგედიების თავიდან ასაცილებლად. საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა განაცხადა, რომ სამაშველო და კატასტროფის პრევენციის ღონისძიებებისთვის საჭიროა „მეტი გემი, მეტი რეისი და ბევრად ინტენსიური ბრძოლა ტრეფიკინგის წინააღმდეგ“. გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი-მუნმა განაცხადა, რომ ბოლო ტრაგედია არის იმის მაჩვენებელი, რომ არსებობს „ხმელთაშუა ზღვაში რთული სამძებრო და სამაშველო შესაძლებლობების არსებობის უკიდურესი საჭიროება“. მიმდინარე წელს ევროპამდე მიაღწია 35 ათასმა თავშესაფრის მაძიებელმა და მიგრანტმა. 900-ზე მეტი ევროპის ქვეყნამდე მიღწევის მცდელობისას გზაში დაიღუპა.