პრეზიდენტის ადმინისტრაცია განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ლუკაშენკოს ვიზიტს საქართველოში

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს თბილისში ბელორუსიის პრეზიდენტის ალექსანდრ ლუკაშენკოს ორდღიან ვიზიტს, რომელიც 22 აპრილს დაიწყება. საგარეო ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა თენგიზ ფხალაძემ თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ გიორგი მარგველაშვილმა ალექსანდრ ლუკაშენკო საქართველოში შარშან მოიწვია, უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს ინაუგურაციაზე შეხვედრისას და მას შემდეგ ეს სახელმწიფო ვიზიტი ინტენსიურად მზადდებოდა სხვადასხვა დონეზე. თენგიზ ფხალაძის თქმით, ბელორუსიის დელეგაციის საკმაოდ მაღალი დონე და წევრთა რაოდენობა მიუთითებს საქართველოსადმი დიდ ინტერესზე და დიდ რესურსზე, რომელიც ორმხრივ ურთიერთობებში არსებობს. საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა აღნიშნა, რომ ბელორუსიის დელეგაციის სახელმწიფო ვიზიტისას განსახილველ პოლიტიკურ თემებს შორის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის და ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკის მხარადაჭერას. თენგიზ ფხალაძის ინფორმაციით, საქართველო და ბელორუსია თბილისში გააფორმებენ რამდენიმე შეთანხმებას ეკონომიკის, ვაჭრობის და ტურიზმის სფეროებში. შეკითხვას ხომ არ ქმნის უხერხულობას ბელორუსიისადმი დასავლეთის კრიტიკული განწყობა, თენგიზ ფხალაძემ უპასუხა, რომ ამა თუ იმ ქვეყნის მიმართ ყველა სახელმწიფოს თავისი დამოკიდებულება აქვს. „ბელორუსიის გამო არსებული შენიშვნები თუ მოსაზრებები, საზოგადოებისთვის ცნობილია, თუმცა თანამედროვე მსოფლიოში, მითუმეტეს ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა უმნიშვნელოვანესია კეთილმეგობრული ურთიერთობები ყველა იმ სახელმწიფოსთან, რომელთანაც ასეთი ურთიერთობები შესაძლებელია“, - განაცხადა თენგიზ ფხალაძემ. პრეზიდენტის მრჩევლის შეფასებით, ბელორუს და ქართველ ხალხს ბევრი რამ აკავშირებთ და ეს რესურსი გამოყენებული უნდა იყოს.