ევროკავშირი გაასამმაგებს თანხებს საძიებო და სამაშველო სამუშაოებისთვის

ევროპელი ლიდერები შეთანხმდნენ გაასამმაგონ თანხა ხმელთაშუა ზღვაში საძიებო და სამაშველო სამუშაოებისთვის. 23 აპრილს ბრიუსელში გამართულ სამიტზე ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ ოპერაცია „ტრიტონისთვის“ ევროკავშირის ლიდერებმა გამოხატეს მზადყოფნა დამატებითი გემების, თვითმფრინავებისა და ვერტმფრენების გამოყოფისთვის. დონალდ ტუსკის განცხადებით, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის კოორდინატორ ფედერიკა მოგერინის დაევალა განიხილოს გზები, რითაც შესაძლებელი გახდება „კონტრაბანდისტების გემების დაჭერა და განადგურება მათ გამოყენებამდე“. ბრიუსელის მოლაპარაკებები გაიმართა მას შემდეგ, რაც 800-ზე მეტი ადამიანი - ევროპაში მიგრაციის სავარაუდო მსურველი ემსხვერპლა 19 აპრილს ლიბიის სანაპიროსთან გემის ჩაძირვას.