უკრაინის პრეზიდენტი: სეპარატისტებთან ომში შვიდი ათასი სამოქალაქო პირი დაიხოცა

უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ, 8 მაისს პარლამენტს მიმართა და განაცხადა, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის მხარდაჭერით მოქმედ სეპარატისტებთან ბრძოლაში შვიდი ათასი სამოქალაქო პირი დაიხოცა. მისი თქმით, ათასამდე პირი უგზო-უკვლოდ არის დაკარგული. პოროშენკოს მონაცემები არსებითად აღემატება გაეროს მაჩვენებელს, რომ 6100 ადამიანია დაღუპული უკრაინაში ომის დროს. პოროშენკოს თქმით, 1700-მდე ჯარისკაცი მოკლეს ბრძოლებში, რასაც მან რუსეთის აგრესია უწოდა. მოსკოვი უარყოფს, რომ უკრაინაში სეპარატისტებს უწევს დახმარებას. პოროშენკომ თავის გამოსვლაში თქვა, რომ ამ ომში რუსეთის მონაწილეობამ აიძულა უკრაინა, უფრო შეკავშირებოდა დასავლეთს.