მაკედონიის ქალაქ კუმანოვოში მეორე დღეა, გრძელდება ბრძოლა უშიშროების ძალებსა და შეიარაღებული პირების ჯგუფს შორის. 9 მაისს ურთიერთსროლის შედეგად დაიღუპნენ რვა პოლიციელი და 14 შეიარაღებული პირი. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა, ივო კოტევსკიმ დღეს პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ დაიჭრა 37 პოლიციელი. ამავე წყაროს ცნობით, სამოქალაქო პირები არ დაღუპულან. კუმანოვო მდებარეობს სერბიასთან და კოსოვოსთან საზღვრების მახლობლად. შინაგან საქმეთა მინისტრმა გორდანა იანკულოვსკამ 9 მაისის საღამოს უთხრა ჟურნალისტებს, რომ იარაღი დაყარა შეიარაღებული ჯგუფის 20-ზე მეტმა წევრმა, მაგრამ დანარჩენები უარს ამბობენ ბრძოლის შეწყვეტაზე და გამაგრებული არიან კუმანოვოს ერთ-ერთ რაიონში მდებარე შენობებში. მინისტრის ინფორმაციით, „ტერორისტული ჯგუფი“, რომელიც დაუკონკრეტებელი მეზობელი ქვეყნიდან შევიდა მაკედონიის ტერიტორიაზე, გეგმავდა „ამჟამინდელი პოლიტიკური ვითარების გამოყენებას სახელმწიფო ინსტიტუტებზე თავდასხმების განსახორციელებლად“. ევროკავშირი შეშფოთებას გამოთქვამს ძალადობის გამო.