ტერორიზმი და კლიმატის ცვლილებები იქნება მთავარი თემები, რომლებსაც დიდი შვიდიანის წარმომადგენლები განიხილავენ ბავარიის ალპებში მიმდინარე შეხვედრის მეორე დღეს. შეხვედრაში მონაწილეობენ ბრიტანეთის, კანადის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, იაპონიის და აშშ-ის ლიდერები. მათ შეუერთდებიან ერაყის პრემიერ-მინისტრი და ნიგერიის პრეზიდენტი იმ საფრთხეზე სასაუბროდ, რომელსაც „ბოკო ჰარამის“ და „ისლამური სახელმწიფოს“ მსგავსი ექსტრემისტული ჯგუფები ქმნიან. 7 ივნისს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, დევიდ კამერონმა გამოაცხადა, რომ ბრიტანეთი ერაყში დამატებით გაგზავნის 125 სამხედროს, „ისლამურ სახელმწიფოსთან“ დაპირისპირებული, ადგილობრივი ძალებისთვის წვრთნების ჩასატარებლად. დიდი შვიდიანის სამიტის პირველ დღეს ძირითადად უკრაინის კონფლიქტის შესახებ მსჯელობდნენ. აშშ-ის პრეზიდენტი, ბარაკ ობამა და გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი შეთანხმდნენ, რომ რუსეთისთვის დაწესებული სანქციები ძალაში უნდა დარჩეს მანამ, სანამ „სრულად ამოქმედდება“ უკრაინაში საზავო შეთანხმება და რუსეთი პატივს სცემს თავისი მეზობლის სუვერენიტეტს.