კიევი: აღმოსავლეთ უკრაინაში განთავსებულია 42,500 სეპარატისტი და რუსი სამხედრო

უკრაინის თავდაცვის მინისტრი, სტეპან პოლტორაკი აცხადებს, რომ 42,500 სეპარატისტი და რუსი სამხედროა განთავსებული ქვეყნის აღმოსავლეთში,სადაც მთავრობის ძალები 2014 წლის შემდეგ ებრძვიან პრორუსულად განწყობილ სეპარატისტებს. „მათ აქვთ 558 ტანკი, საბრძოლო მანქანები, საარტილერიო სისტემები და სხვა სახის შეიარაღებაო“ - განაცხადა პოლტორაკმა ნატო-უკრაინის პარლამენტთაშორისი საბჭოს შეხვედრაზე, რომელიც 8 ივნისს კიევში გაიმართა. უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ გასულ კვირაში განაცხადა, უკრაინის ტერიტორიაზე 9000-ზე მეტი რუსი სამხედრო იმყოფებაო. კიევი და დასავლეთი რუსეთს ადანაშაულებენ სეპარატისტების მხარდაჭერაში, რასაც მოსკოვი უარყოფს. პოლტორაკის თანახმად, მას შემდეგ, რაც მინსკში თებერვალში საზავო შეთანხმება გაფორმდა, დაიღუპა 100-ზე მეტი უკრაინელი სამხედრო და 50-ზე მეტი სამოქალაქო პირი. მისივე განცხადებით, 24,000-მდე რუსი სამხედროა დისლოცირებული ყირიმის ნახევარკუნძულზე, რომლის უკრაინისგან ანექსირება რუსეთმა 2014 წლის მარტში მოახდინა.