საუდის არაბეთის პრინცი საქართველოში ფინანსურ ინტერესებზე საუბრობს

საუდის არაბეთის პრინცმა ალ ვალიდ ბინ ტალალ ბინ აბდულაზის ალ საუდიმ 10 ივნისს თბილისში ვიზიტისას განაცხადა, რომ ფინანსური ინტერესებია საუდის არაბეთის წარმომადგენლების საქართველოში ყოფნის მიზეზი. საუდის არაბეთის სამეფო ოჯახის წევრმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ მოუთმენლად ელის ქვეყანაში ინვესტიციების ჩადებას. ხოლო ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ შეხვედრისას საუბარი შეეხო ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების განვითარებას, ინვესტიციებს, ტურიზმსა და საქართველოში სხვადასხვა მიმართულებით არსებულ პოტენციალს. პრემიერ-მინისტრის თქმით, მისი თხოვნით პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს საპატიო მოქალაქეობა მიანიჭა საუდის არაბეთის პრინცს.