კავკასიელი ისლამისტები „ერთგულებას უცხადებენ“ ისლამურ სახელმწიფოს

ინტერნეტით გავრცელებულ აუდიომიმართვაში ნათქვამია, რომ კავკასიის ოთხი რუსული რეგიონის ისლამისტური დაჯგუფებები ერთგულებას უცხადებენ „ისლამურ სახელმწიფოს“. მიმართვაში ნათქვამია, რომ დაღესტნის, ჩეჩნეთის, ინგუშეთის და ყაბარდო-ბალყარეთის ისლამისტი მებრძოლები ემორჩილებიან ისლამური სახელმწიფოს ლიდერ აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის. ისლამური სახელმწიფოს წარმომადგენელმა აბუ მუჰამედ ალ-აბნანიმ, ცალკე გავრცელებულ მიმართვაში განაცხადა, რომ ალ-ბაღდადიმ „მიიღო მათი ერთგულების ფიცი“. რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ, ევგენი ლუკიანოვმა მანამდე განაცხადა, რომ 2 ათასამდე რუსეთის მოქალაქე, ბევრი მათგანი კავკასიელი, იბრძვის ისლამური სახელმწიფოს მხარეს სირიასა და ერაყში.