სარაევოში გლოვობენ სრებრენიცის ხოცვა-ჟლეტის მსხვერპლს

სარაევოში გლოვობენ სრებრენიცის ხოცვა-ჟლეტის მსხვერპლს, რომლის იდენტიფიცირებაც ბოლოხანს მოხდა. ბოსნია-ჰერცეგოვინის დედაქალაქის მთავარი პროსპექტის გასწვრივ ათასობით ადამიანი იდგა, როცა ჩაიარა ავტომანქანამ 136 კუბოთი. ბოლოხანს იდენტიფიცირებულ გვამებს სარაევოდან სრებრენიცაში ჩაასვენებენ და დაკრძალავენ ხოცვა-ჟლეტის მე-20 წლისთავზე. მთავარი ცერემონია 11 ივლისს გაიმართება. 1995 წლის ივლისში 8000-მდე მუსლიმი მამაკაცი და ბიჭი დახოცეს ბოსნია-ჰერცეგოვინის ქალაქ სრებრენიცასთან მას შემდეგ, რაც ქალაქი ბოსნიელი სერბების შეიარაღებულმა რაზმებმა აიღეს. სრებრენიცის ხოცვა-ჟლეტა მიჩნეულია ევროპაში ერთ-ერთ უმძიმეს დანაშაულად მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ყოფილი პრეზიდენტი, ბილ კლინტონი შეარჩია შეერთებული შტატების დელეგაციის ხელმძღვანელად სრებრენიცის ღონისძიებებზე. ვაშინგტონის განცხადებით, ბილ კლინტონთან ერთად ბოსნიაში ჩავლენ კონგრესის წევრები და ყოფილი სახელმწიფო მდივანი, მედლინ ოლბრაიტი.